ქაიროს ცენტრში დილიდან სროლის ხმა ისმის

 ხუთშაბათი დილა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ორმხრივი სროლებით დაიწყო. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეათე დღეს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ევრონიუსი. ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის ცნობით, ქაიროს ცენტრში დღეს დილით მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თვითმხილველებმა 5 ადამიანის ცხედარი ნახეს. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე არეულობების შედეგად 829 ადამიანი დაშავდა.

დაპირისპირება მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გუშინ საღამოს დაიწყო. პრეზიდენტის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ტაჰრირის მოედანზე შეიჭრა და ბარიკადების აგება დაიწყო. მხარეები ერთმანეთს ქვებს, ჯოხებს, მეტალის ნაჭრებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხელჩართული ბრძოლები ეგვიპტის დედაქალაქში მთელი ღამე გრძელდებოდა.  მუბარაქის ოპონენტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მომხრეთა რიგებში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები არიან. ეგვიპტის პრემიერ მინისტრმა ქაიროში მომხდარი შეტაკებების გამო ბოდიში მოიხადა და კატეგორიულად უარყო დაპირისპირებებში ხელისუფლების მონაწილეობს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოსახლეობას სამშაბათს, დემონსტრაციების მერვე დღეს მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით კენჭს არ იყრის. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომაა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ის ქვეყნის მეთაურად დარჩება და ამ დროს „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“ გამოიყენებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მოჰამედ ელ-ბარადეიმ მუბარაქის განცხადებებს „სიცრუე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღიზიანებს. „ის ადამიანი ვინც მუბარაქს ასეთი განცხადების გაკეთების რჩევა მისცა, ძალიან შეცდა,“ განაცხადა ელ-ბარადეიმ.



კომენტარები