ინგლისური სუპერტრანსფერები

 სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ლივერპულიდან ლონდონის ჩელსიში 50 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ 26 წლის ფერნანდო ტორესი გადავიდა. ესპანელმა ფეხბურთელმა 5.5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ასეთივე ხანგრძლივობის კონტრაქტი გაუფორმა ჩელსიმ 23 წლის ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუისსაც, რომელიც 21.5 მილიონ გირვანქად პორტუგალიური ბენფიკადან შეიძინა.

ამასობაში უსაქმოდ არც ლივერპულის ხელმძღვანელები გაჩერდნენ და ფერნანდო ტორესში მიღებული ფულით ორი ფორვარდი შეიძინეს: 35 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ ნიუკასლიდან 22 წლის ინგლისელი ენდი კეროლი დაიმატეს, ფეხბურთელი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის მომავალთან ასოცირდება. მეორე შენაძენი კი 24 წლის ურუგვაელი ლუის სუარესი გახდა. მასში ჰოლანდიურმა აიაქსმა 22.73 მილიონი გირვანქა მიიღო.

ორივე ფეხბურთელმა, ენდი კეროლმაც და ლუის სუარესმაც, ლივერპულთან 5.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მათი ხელფასების რაოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ლონდონის ჩელსის მიერ ფერნანდო ტორესში გადახდილი თანხა, 50 მილიონი გირვანქა ყველა დროის რეკორდებშიც მოხვდება. ის მესამე ადგილს დაიკავებს. ამაზე ძვირი შარშან მადრიდის რეალმა გადაიხადა ორ ფეხბურთელში - კრიშტიანუ რონალდუში 80 მილიონი, ბრაზილიელ კაკაში კი  56 მილიონი გირვანქა.

თავის მხრივ, ენდი კეროლის 35 მილიონ გირვანქად შეფასებული ტრანსფერიც შევიდა ყველა დროის უძვირფასეს ათეულში და მერვე ადგილი დაიკავა.

კომენტარები