ლუკაშენკოს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ბრიუსელში 31 იანვარს გამართულ სამიტზე ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი. სამიტის გადაწყვეტილებით, ბელორუსიის 150 თანამდებობის პირს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩათვლით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ასვე დაიბლოკა მათი საბანკო ანგარიშები.

ტელეკომპანია ბი-ბი-სი-ს ცნობით, ”შავ სიაში” შეყვანილი პირების ჩამონათვალში მოხვდნენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს შვილები - ვიქტორი და დიმიტრი, ასევე  თავდაცვის მინისტრი იური ჟადობინი და კგბ-ს შეფი ვადიმ ზაიცევი. შეზღუდვები არ გავრცელდება ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტ სერგეი მარტინოვზე და ვიცე-პრემიერ ვიქტორ სემაშენკოზე. ამავდროულად ევროკავშირმა უარი თქვა  ბელორუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე,  რისკენაც ბრიუსელში შეკრებილ მინისტრებს პოლონეთისა და შვედეთის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ.

ასეთი საგანგებო ზომები  ევროკავშირის საპასუხო რეაქციაა ოფიციალური მინსკის მიერ ოპოზიციის საპროტესტო მიტინგებისა და გამოსვლების დარბევის გამო. ლუკაშენკოს მთავრობამ  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,  19 იანვარს მინსკში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლა სასტიკად დაარბია.   დააპატიმრეს რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები და პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები.   ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ყველა პირი დაკავებულია არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მასობრივი არეულობების მოწყობის გამო. 

ბელორუსის წინაარმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ ყოველგვარი გარიგების დადება ბელორუსის უმსხვილეს  ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებისთან -  ”ლაკოკრასკასა” და ”პოლოცკ სტეკლოვალაკნოსთან”. გარდა ამისა, გაცილებით ვრცელია იმ ჩინოვნიკთა და მათი ოჯახის წევრთა ჩამონათვალი, ვისაც აშშ-ში შესვლა ეკრძალება და ვისი საბანკო ანგარიშებიც გაიყინა.

დღეს ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი მარტინოვმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბელორუსი ევროკავშირის წინააღმდეგ ანალოგიური სანქციების შემოღებას გეგმავს. მისი თქმით,  განიხილება ევროკავშირის თანამდებობის პირებისთვის ბელორუსში შემოსვლაზე  აკრძალვების დაწესება. ”კონფრონტაცია ჩვენი არჩევანი არ იყო. ასე ევროკავშირმა გადაწყვიტა  და ჩვენ იძულებულ ვართ საპასუხო ზომები მივიღოთ” -  განაცხადა  მარტინოვმა.

კომენტარები