თეატრალური იუბილე


2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. 6 თებერვალს თეატრის დამაარსებელს 90 წელი უსრულდება. დასი და თეატრის ადმინისტრაცია საიუბილეო წლის საინტერესო პროექტებით აღნიშვნას გეგმავს. „ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ აღგვენიშნა ეს თარიღი და ტრადიციულ შემოქმედებით საღამოზე უარი ვთქვით. ვფიქრობთ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვისი ღვაწლის ერთ საღამოში ჩატევაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 2011 წელი მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო წელიწადად გამოგვეცხადებინა და მასთან მთელი რიგი პროექტებისა დაგვეკავშირებინა”, – აღნიშნავს თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე.
 
 თებერვალს საიუბილეო წლის დაწყების აღსანიშნავად, თუმანიშვილის თეატრი კვირეულს უმასპინძლებს, რომელიც 9 თებერვლამდე გაგრძელდება. „პირველ რიგში აღვადგენთ თუმანიშვილის უკვდავ სპექტაკლს “ჩვენი პატარა ქალაქი”, რომელსაც მაყურებელი 5 და 6 თებერვალს იხილავს”. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებებს: თეატრისა და კინოს მუზეუმთან თანამშრომლობით, ფოტოებისა და კოსტიუმების გამოფენას, აგრეთვე ყველა იმ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ოდესმე დაწერილა დიდ რეჟისორზე და მასტერ-კლასებს მომავალი რეჟისორებისათვის. „გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახლად რედაქტირებული და გამოცემული იმ წიგნების პრეზენტაცია, რომლებიც თავად რეჟისორმა სტუდენტებისთვის შექმნა: “რეჟისორი მიდის თეატრიდან”, “სანამ რეპეტიცია დაიწყება” და “ახლა კი ფარდა”. ამასთან ერთად, იგეგმება წლიური პროექტიც “მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეები თუმანიშვილის თეატრში”, რომლის ფარგლებშიც ხუთმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლემ, რომელთა ვინაობაც ჯერ არ არის დაზუსტებული, თითო სპექტაკლი უნდა დადგას.
 
თეატრის შემოქმედებითად დატვირთული წელი უკვე დაიწყო. დაგეგმილი პრემიერების, ღონისძიებებისა და რეპეტიციების პარალელურად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ასე, ახალ 2011-შიც, სიახლისა და ძიებების თეატრი თავის ტრადიციებს არ ღალატობს.
 

კომენტარები