გიორგი ტუღუში: ადამიანის უფლებების დაცვა არ არის იზოლირებული პროცესი

გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში 3500-მდე განცხადება შევიდა. აქედან 1800 არსებითად განიხილეს. გიორგი ტუღუშის თქმით, ყველაზე ხშირად ომბუდსმენს პატიმრები და იძულებით გადაადგილებული პირები მიმართავენ. სახალხო დამცველი ტაბულას ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ძირითად პრობლემებსა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. 

როგორ შეაფასებდით Freedom House-ის ბოლო ანგარიშს, რამდენად ობიექტურად აისახა მასში საქართველოში არსებული ვითარება?  

Freedom House-ის ანგარიში საკმაოდ ზოგადია.  იქ წერია, რომ საქართველოში მცირე გაუმჯობესება შეინიშნება გარკვეული პარამეტრების მიხედვით – პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში გაცილებით  სტაბილური იყო, ვიდრე 2009-ში. ასევე ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია თანამგზავრზე გავიდა. 
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის იზოლირებული პროცესი. ვერ იხელმძღვანელებ მხოლოდ შიდა კანონმდებლობითა და ანგარიშებით. ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო საერთაშორისო სტრუქტურების მიდგომას შენი ქვეყნის მიმართ. 
 
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა დევნილთა გამოსახლების პროცესი გახდა. თუ ადევნებთ მას თვალყურს და თუ შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასება, ილახება თუ არა ამ პროცესში დევნილთა უფლებები? 
 
ჩვენ ამ პროცესს არა მარტო თვალყურს ვადევნებთ, არამედ შეძლებისდაგვარად ჩართულები ვართ. როდესაც ანგარიშს ვამზადებდით, მოვინახულეთ დაახლოებით 500-მდე დევნილთა ოჯახი და პირადად ვესაუბრეთ. ასევე დავათვალიერეთ 200-ზე მეტი კომპაქტური ჩასახლება. 
რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, მესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ  უკანონო არ არის. ის მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის თანახმად. მასში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ნორვეგიის და დანიის ლტოლვილთა საბჭოები. განსახლების წესების დადგენაში მონაწილეობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, EUMM და ევროკავშირის წარმომადგენლობა. 
ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, დაცალოს უკანონოდ დაკავებული შენობა და სადმე მიყრუებულ სოფელში დასახლდეს, სადაც არ ექნება იმედი, რომ იპოვის სამსახურს, შეინახავს ოჯახს და 28-ლარიანი შემწეობის იმედად რჩება. თუ იძულებით გადაადგილებული პირი ბოლო 10 წელია ცხოვრობს ქალაქში, საკუთარ საცხოვრებელზე მიბმულია ეკონომიკურად, დასაქმებულია, შვილები იქ იღებენ განათლებას, ეს მხედველობაში უნდა მიიღონ და დევნილს ადეკვატური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ. მან ნულიდან არ უნდა დაიწყოს ცხოვრების აწყობა, რაც ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გამოსცადეს. 
 
ასე რომ, აქ ბალანსი უნდა დავიცვათ და ადამიანს არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი იძულებით გადაადგილებული პირი გარეთ არ დარჩეს. ამავე დროს, ძალადობა ყოვლად მიუღებელია. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი. 
 
კვლავ კრიტიკის საგანია საპატიმროებში არსებული მდგომარეობა. საუბარია არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და რეჟიმის გამკაცრებაზე. როგორია მდგომარეობა ამ სფეროში?
 
მნიშვნელოვანი პროგრესია ინფრასტრუქტურის კუთხით – 80 პროცენტი ამ დროისთვის განახლებულია. ვერ ვიტყვი, რომ ახალ დაწესებულებებში პატიმართა საცხოვრებელი პირობები მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 
რჩება პრობლემები, რომლებიც 5 დაწესებულებას უკავშირდება. მათი ლიკვიდაციის რეკომენდაცია ერთი წლის წინ გავეცი. ისინი არა მარტო სტანდარტებს ვერ პასუხობენ, არამედ ადამიანის იქ მოთავსება უტოლდება ღირსების შემლახავ და ზოგჯერ არაადამიანურ მოპყრობას.  
მეორე თემა არის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ჩვენი ბოლო ანგარიში ამ საკითხზე 200-ზე მეტ გვერდს შეიცავს, რაც უკვე მეტყველებს პრობლემის სიმძიმეზე. ციხის ჯანდაცვა არათუ უახლოვდება და ინტეგრირდება სამოქალაქო ჯანდაცვასთან, არამედ რიგი ელემენტებით ემიჯნება მას. 
 
პატიმართა და მსჯავრდებულთათვის ახალი სამკურნალო დაწესებულების აშენებამ გადაჭრა ინფრასტრუქტურული პრობლემა – აღარ არსებობს ბინძური საავადმყოფო, რომელიც ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ, სერიოზული პრობლემაა სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობა. 
როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ციხეებსა და სტანდარტებზე, არსებობს კარგი სტანდარტები, რაც შეგვიძლია გადმოვიტანოთ. მაგალითად, რაც უკავშირდება გარესამყაროსთან ურთიერთობას, პატიმართა აქტივობას, დასაქმებას და ა.შ. განათლების კუთხით შეიძლება ბევრი ნაბიჯის გადადგმა. იგივე ეხება რესოციალიზაციას პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ.  
 
რაც შეეხება პატიმრებისადმი მოპყრობას, რიგ დაწესებულებებში ეს კვლავაც პრობლემად რჩება. 2009 წელს ეს თემა აქტუალური იყო გეგუთსა და ქუთაისში. იქ მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ეს გარკვეულწილად ჩვენი დამსახურებაცაა. თუმცა, გასულ წელს იყო პრობლემები ქსანში, სადაც არასათანადო მოპყრობის და ცემის რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირეთ. იყო ასევე შიმშილობის იძულებითი წესით  შეწყვეტის, დასჯის მიზნით პატიმართა ცემის რამდენიმე ფაქტი. მუდმივად მოდის ინფორმაცია, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ცემენ. ჩვენ იქ ვიყავით, თუმცა არც ერთმა პატიმარმა, რომელსაც დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 
 
ვერ გეტყვით, რომ მასობრივ ცემას აქვს ადგილი, მაგრამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით მუდმივად ფიგურირებს რამდენიმე დაწესებულება. ასეთი შემთხვევები სამკურნალო დაწესებულებაშიც დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით მიუღებელია. 18-დან 15 დაწესებულებაში ეს პრობლემა არ დამდგარა. ამავე დროს, არსებობს პრობლემები გამოძიების კუთხით. ძალიან ხშირად არაადეკვატურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. დასჯილი პირი ამ ფაქტებთან დაკავშირებით მე ჯერჯერობით არ მინახავს, რაც ძალიან სამწუხაროა. 
 
რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო აქციის დაშლა გმირთა მემორიალთან. ამაზე მწვავე რეაქცია გქონდათ. დღეისთვის მოხდა, თუ არა აუცილებელი სამართლებრივი რეაგირება? 
 
ამ აქციის დაშლა ჩვენ შევაფასეთ, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა. მართალია, კანონი კრძალავს კარვის, ან რაიმე ნაგებობის დადგმას გზაზე, თუმცა მემორიალთან მისასვლელი გზა თავისუფალი იყო. აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ 6-ში დაშლას აპირებდნენ. მე რეკომენდაციით მივმართე მთავარ პროკურორს, რომ დადგეს იმ პირების დისციპლინარული თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც შელახეს კანონის მოთხოვნები. 
 
ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ერთადერთი პასუხია განცხადება, რომ პოლიციელი დათხოვნილია სამსახურიდან. სადავოა, რამდენად ადეკვატურია მხოლოდ დათხოვნა. თუმცა, მე ეს შევაფასე, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონდარღვევისათვის ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. 
 
ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღმსარებლობის თავისუფლება და ეთნიკური უმცირესობების უფლებები თუ შეილახა? 
 
2009 წელი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე იყო. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფის 20-ზე მეტი შემთხვევა შევნიშნეთ. სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არაადეკვატური იყო. დანაშაული არც ერთხელ არ შეფასებულა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილად. 2010-ში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა, პრობლემები რჩება. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე ძალადობის ნაკლები – 10-მდე ფაქტი იყო. გადაიდგა არაერთი პოზიტიური ნაბიჯი – მაგალითად, კათოლიკეებს გადაეცათ მათი ისტორიული ტაძრის ნანგრევები რაბათში, რათა შეძლონ მისი აღდგენა. გაიცა ნებართვა რამდენიმე მეჩეთის მშენებლობაზე. გარკვეული წინსვლაა ქონებრივ საკითხებში.
 
არსებობს მისაზრება, რომ მსოფლიოში უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობამ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გარკვეულწილად სახე იცვალა. გახდა უფრო იდეოლოგიზებული, უფრო პარტიული  და პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი, და რომ ამ ტენდენციამ საქართველოშიც იჩინა თავი. როგორც სახალხო დამცველი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობას კარგად იცნობს, იზიარებთ, თუ არა ამ მოსაზრებას? 
 
ზოგადად, რასაკვირველია, ასეთი საუბრები საფუძველს მოკლებული არაა და გარკვეული პრობლემები შეინიშნება. თუმცა, პოლიტიკა და ადამიანის უფლებები ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ზოგჯერ დიდია ცდუნება, სახალხო დამცველის აპარატი ჩაითრიონ პოლიტიკაში, თქვან, რომ პოლიტიზებულია და ვინმეს მხარეს დგას. მაგრამ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი შევაფასოთ კანონიდან, კონსტიტუციიდან გამომდინარე. ეს პრინციპი ბოლომდე უნდა დავიცვათ.

კომენტარები