ეგვიპტის ხელისუფლება ”გადამწყვეტი ზომების” მიღებით იმუქრება

ეგვიპტეში სამდღიანი არეულობების შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში პარასკევის ლოცვების დამთავრებისთანავე მრავალათასიანი დემონსტრაციების დაწყებას ელოდებიან. ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა  აფრთხილებს მოსახლეობას, რომ არეულობების შემთხვევაში ”გადამწყვეტ ზომებს” მიიღებს.

უცხოური მედიის ცნობით, ეგვიპტეში ინტერნეტი და მობილური ქსელები შეფერხებით მუშაობს. დაბლოკილია ფეისბუქი, ტვიტერი და იუთუბი.  ტელეკომპანია ბი-ბი-სი იუწყება, რომ წუხელ ოპოზოციური ორგანიზაციის, ”მუსულმანი ძმების” რამდენიმე ათული წევრი დააპატიმრეს. მანიფესტაციების დაწყებიდან ეგვიპტეში უკვე 1000-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის არეულობების დროს 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სამართალდამცველია.

ეგვიპტის მოსახლეობა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას და პარლამენტის დათხოვნას მოითხოვს. ხუთშაბათს ეგვიპტეში მუჰამედ ალ-ბარადეი, ნობელის პრემიის ლაურეატი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ჩავიდა. ალ-ბარადეი, რომელიც ეგვიპტის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება. თავად ალ-ბარადეიმ განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს, თუ ეს ხალხის სურვილი იქნება.

კომენტარები