HRW: ხელისუფლებამ გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ვერ შეძლო

 საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human Rights Watch (HRW), 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი თავი საქართველოს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები ”არათანაბარი” იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, მთვრობამ თბილისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან ასობით იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლა. ”ხშირად ისინი საცხოვრებელი სახლებისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე რჩებოდნენ,” ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. ”ხელისუფლებას არ გაუმართავს ზუსტი კონსულტაციები დევნილებთან, არ გაუფრთხილებია ისინი გამოსახლების შესახებ გონივრულ ვადებში და ვერ შეძლო მათი უზრუნველყოფა ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებლით,” წერია ანგარიშში.

ერთ-ერთ პრობლემად ანგარიშში დასახელებულია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა და პოლიციის მიერ აქტივისტებზე ძალადობა. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 14 აგვისტოს ქართველი აქტივისტების - ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინის და ალექსი ჩიგვინაძის დაკავება, რომლებიც თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ. ”სასამართლოს დახურულ სხდომაზე, მოსამართლემ უარი თქვა ვიდეოჩანაწერის ნახვაზე, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს აქტივისტები პოლიციასთან თანამშრომლობდნენ. მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის სამხილები მოისმინა,” ნათქვამია ანგარიშში.

 HRW-ს ინფორმაციით, ციხეების გადატვირთულობა და, აქედან გამომდინარე, ცუდი საცხოვრებელი პირობები კვლავ პრობლემად რჩება. ”სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევების სიმცირე ციხეების გადატვირთულობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,” წერია დოკუმენტში. ანგარიშის ავტორები საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების გაჭიანურების გამოც აკრიტიკებენ. მათი თქმით, აგვისტოს ომის დროს ქართველმა სამხედროებმა ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომლის გამოყენებაც სამოქალაქო ადგილებში იკრძლება.

ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციაზეც არის გამახვილებული ყურადღება. დოკუმენტში მითითებულია, რომ მედია გარემო ქვეყანაში კვლავ შერეულია  - არის მრავალფეროვანი ბეჭდური მედია, ხოლო ნაციონალური სატელევიზიო არხები მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიები - ”რუსთავი 2” და ”იმედია.” ”მედიის მფლობელობის გამჭვირვალეობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება,” ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები