მინჩხი

თქვა რუქამ:

ხეზე ორი კაცი იჯდა. ასე უბნობდნენ:
 
– ეჰ, რა დრო იყო (1)
– მაგარი, მაგარი... ბიჭვინთა, გაგრა... უჰ... უჰ...
– დასასვენებელი კი არა, გასასვენებელი სახლიც წაგვართვეს მწერლებს...
– ენაზე იკბინე, გვიბრუნებენ, გაჭრა... 
– სადაც გინდა, იქ იკბინე – შეგვისახლებენ იმ ბიჭბუჭებს და უყარე კაკალი... მაგენის ყაყანში არ გინდა ან ფიქრი ან განსჯა ან განწყობა...
– უჰ, უჰ... არადა სამჯერადი კვება, ქალები, ამბავი, რად გინდოდა მუზა, პირდაპირ მოდიოდა ლექსი... იღვრებოდა და იღვრებოდა...
– დაიქცა სამყარო...
– რა დრო იყო, რა დრო იყო – დაწერდი ერთი-ორ პარაოზს (2), გადაიდე მერე ფეხი ხელზე და თუ როგორცაა და იფიქრე ღრუბლებზე, მთებზე, ვოლგაზე... მდინარეს ვგულისხმობ...
– ვიცი... მივხვდი იმწუთას... ჩემი თავი გამახსენდა...
– რა ხანია, არაფერი არ დამიწერია... რას გვიშვება ეს... მუზა.
– პირდაპირ თქვი, პირდაპირ თქვი – ვისი ბრალიცაა ყველაფერი! მე რას მიმალავ, ყველაფერი წაგვართვეს...
– ეჰ, ფონდი იყოს და რა მნიშვნელობა აქვს ვისი იქნება – გინდა მეფის, გინდა პრეზიდენტის, გინდა პატრიარქის და რა ვიცი. გინდა ღმერთის...
– ჰო, იმათ თუ ვუწერდით, ღმერთსაც კი დავუწერთ პარა...
– აჰ, რას ამბობ, პირჯვარი გადაიწერე!
(გადაისახავენ პირჯვარს. აქ შორიდან გაისმის რადიოს ხმა – მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ მე... და მერე ისევ მოსაუბრეთა ბაასი ფარავს)
– რავა, იოანე კაცი არ იყო?
– ვინ იოანე?
– მინჩხი.
– ააა...
– ჰოო...
– ფონდი...
– ფონდი...
კაცებმა თავი გადააქნიეს, ფრთები მიიმაგრეს და მახლობელ ხეზე გადაფრინდნენ.
 
განმარტებანი:
1. ეჰ, რა დრო იყო – ეპოქის სახელდება, როგორიცაა ვთქვათ ბაროკო, როკოკო, რენესანსი. დაახლოებით ჩვ.წ.აღ – 1965-89 წწ.
2. პარაოზი – ლექსის ერთგვარი სახეობა საბჭოთა ქვეყნებში. ძირითადად ეძღვნებოდა ლენინს და გამოიყენებოდა სხვა დანარჩენი ნაწარმოებების გამოქვეყნებისთვის. ჰქონდა სხვა დამატებითი ფუნქციებიც.

კომენტარები