პიერ კარდენი დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილთან ითანამშრომლებს

23 იანვარს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ საფრანგეთიდან პიერ კარდენის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი ჩამოიტანა, რომელიც კარდენის ნინო ჩუბინიშვილთან (ჩუბიკა) თანამშრომლობას ითვალისწინებს.

რურუა: "თუ ადამიანი ნიჭიერი და წარმატებულია ერთ ქვეყანაში, ის უნდა იყოს წარმატებული მთელ მსოფლიოში. სწორედ ნინოს შრომის უნარმა და ნიჭმა მიიქცია პიერ კარდენის ყურადღება. ჯერჯერობით არცერთ ქართველ დიზაინერს არ ჰქონია ასეთი წარმატება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დიზაინერი უმაღლეს ლიგაში თამაშობს."
თავად ნინო ჩუბინიშვილმა კი აღნიშნა, რომ პიერ კარდენისგან ეს უდიდესი მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადებაა.
იტალიაში დაბადებული 88 წლის ფრანგი დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილს სრულ თავისუფლებას აძლევს. ხელშეკრულების თანახმად მის ყველა ესკიზს თავად კარდენი შეამოწმებს.
ერთობლივი წარმოება, მსოფლიო სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ბრენდი სახელწოდებით Chubika for Pierre Cardin – საქართველოსა და ევროპაში გაიყიდება.

პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ რურუამ  განაცხადა, რომ მაისში ევროპაში ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ ტელეარხ Mezzo-ზე  სამი სხვადასხვა თაობის ქართველი მუსიკოსის -  ელისო ბოლქვაძის, ნინო გვეტაძის და ანა ყიფიანის ერთობლივი კონცერტები გავა ეთერში. 

კომენტარები