ევროპარლამენტმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” პირველად მოიხსენია

ევროპარლამენტის მიერ 20 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” არის მოხსენიებული. 62-პუნქტიანი დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ”ადამიანის უფლებების დარღვევა ყოველდღიური მოვლენაა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.”

ამასთანავე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს ”გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ ამ უკანასკნელმა სრულად შეასრულოს სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმება საქართველოში კონფლიქტის მოგვარების და სტაბილურობის დამყარების მიზნით.”

თბილისში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებას ”პოზიტიური მოულოდნელობა” უწოდეს. ”ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში პირველად ადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იურიდიულ სტატუსს, როგორც ოკუპირებულს,” განაცხადა სპეციალურ პრეს კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ. ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ტერმინ ”ოკუპაციის” დამკვიდრება ხელს უწყობს ”ქვეყნის დეოკუპაციისათვის საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი ნიადაგის შექმნას.” 

კომენტარები