საახალწლო ციებ-ცხელება ტანგოს მოტივებით

გასულ ორშაბათს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.

ჟურნალისტებისა და ფიფას ერთობლივმა გამოკითხვამ ერთადერთი “დაგეგმილი” წარმატება ბრაზილიელ ლამაზმან მარტას არგუნა, რომელმაც მეხუთე ოქროს ბურთი მოიპოვა და თუ ასე გააგრძელა, შეუძლია, აქტიური კარიერის დასრულებისთანავე, საიუველირო საქმით დაკავდეს...

ლიონელ მესისა და ჟოზე მოურინიოს ნიჭიერებაში (ან გენიალობაში) ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მათი გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ მუნდიალის მოგების ფასი ნელ-ნელა ნიველირდება! თავად განსაჯეთ – ფეხბურთელთა სამი ნომინანტიდან ორი (ინიესტა და ხავი) სამხრეთ აფრიკიდან მსოფლიოს ჩემპიონთა ტიტულით დაბრუნდა, ანდრეს ინიესტამ კი ფინალში ოქროს გოლიც გაიტანა, მაგრამ პრიზი გერმანიასთან შერცხვენილ არგენტინელს ერგო! იგივე განმეორდა მწვრთნელთა ჭიდილშიც – კი ბატონო, მოურინიოს ინტერმა დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკემ ხომ ფიფას თასი მოიპოვა!

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მესიც და “განუმეორებელი” ჟოზეც თავიანთი შესაძლებლობებითა და ოსტატობით ნებისმიერ მეტოქეზე მაღლა დგანან.

უბრალოდ, არსებული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიო პირველობების წლებში სწორედ ამ ტურნირის შედეგებს ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა... მაგრამ, უკანასკნელი მუნდიალებისა და განსაკუთრებით სამომავლოდ რუსეთ-ყატარში დანიშნული ჩემპიონატების ჭრილში, ახალი ტენდენცია სრულიად ლოგიკური ჩანს. მართლაც, ზეპ ბლატერი უკვე ალაპარაკდა ასპარეზობის ზამთარში ჩატარების თაობაზე, რათა ყატარული ზაფხულის ხვატს გადაარჩინოს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოთხი წლით ადრე რუსეთის ტრამალებში ხეტიალი მოუწევთ! კაცმა არ იცის, ვინ გამოიჩენს თავს ამ არანორმალურ პირობებში, ასე კი, მთელი წლის მანძილზე გამოვლენილი ტალანტი ფასდება.

დეკემბრის მიწურულს მონტევიდეოს გაზეთ ელ პაისის მიერ გამოკითხულმა ჟურნალისტებმა ჯერ ევროპელები შეაფასეს, მერე კი თავისიანები. საინტერესოა, რომ “ევროპული” ნაწილი ზუსტად დაემთხვა ფიფას გალას შედეგებს. აქაც მესი-მოურინიოს წყვილმა გაიმარჯვა.

სამხრეთ ამერიკაში კი უძლიერესის ტიტული და ოქროს ბურთი ბრაზილიური ინტერნასიონალის არგენტინელ ლიდერ ანდრეს დ’ალესანდროს ერგო, რომელმაც არც თანამემამულე ხუან ვერონს დაანება მიჯრით მესამე მოგება და მორიგი “ახალი პელე” – ნეიმარიც უშანსოდ დატოვა.

წლის მწვრთნელის გამოვლენისას კი უკვე მუნდიალის შედეგები იქნა გათვალისწინებული. “სელესტეს” ნახევარფინალში გაყვანისთვის ურუგვაელმა ოსკარ ტაბარესმა კუთვნილი ჯილდო მიიღო და საგრძნობლად გაასწრო არგენტინულ კვარტეტს, რომელშიც ჩილესა და პარაგვაის ნაკრებებში წარმატებით მომუშავე მარსელო ბიელსა და ხერარდო მარტინოც მოხვდნენ.

წლის მოვლენად ურუგვაის მიერ 1950 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების 60-წლისთავი მონათლეს, რამაც ერთი ამბის მოყოლა მომანდომა.

ოთხმოციანი წლების შუაში ჩემი ძმაკაცი დათო კობახიძე („წიპა”) კიევში აბარებდა სარეჟისოროზე და მთავარ წინაღობად მესამე გამოცდა – მსახიობის ოსტატობა მიაჩნდა. საქმე ისაა, რომ დათოს... ენა ებმოდა და, ცხადია, დეკლამაციის ტალანტით შთაბეჭდილების მოხდენაზე ვერც კი იოცნებებდა. ჰოდა, გადაწყვიტა, ეშმაკობით გასულიყო ფონს – ახლად რეაბილიტირებული ივან ბუნინის რომელიღაც მოთხრობა მოამზადა და “ინტელექტუალის” იმიჯი მოირგო. საუბედუროდ, მის წინ გასულ 4 მოპასუხესაც იგივე აზრი მოუვიდა და მათაც მიჯრით ჩაარიკრიკეს ბუნინის ნაწარმოებები. მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა! და აი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა “წიპამ” გამომცდელებს გამოუცხადა: “ჟორჟი ამადუ. მშვიდობით ბრაზილია!” ცხონებულ ბრაზილიელ კლასიკოსს მსგავსი არაფერი დაუწერია! ქართველმა კი ტემპერამენტულად დაიწყო 1950 წლის ჩემპიონატის ფინალის პერიპეტიების მოყოლა და თხრობა, მერხზე ამხტარმა, საფეხბურთო ცნობარში ამოკითხული ფრაზით დაასრულა: მარაკანას ტრიბუნებზე ტიროდა 200 ათასი ბრაზილიელი, სარბენ ბილიკებზე კი დარბოდა ურუგვაელთა კაპიტანი ობდულიო ვარელა და გახევებული ხმით ბღაოდა – ურუგვაი!!!” “სელესტეს” გმირობით შოკირებულმა კომისიამ დათო კობახიძეს ხუთიანი დაუწერა და სტუდენტად ჩარიცხა...

...„წიპა” 2010 წლის 30 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს კიევში დაასაფლავეს. ეს ისტორიაც მისმა მოულოდნელმა დაღუპვამ გამახსენა...

კომენტარები