ბრიუსელში მინსკის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების შემოღებას განიხილავენ

ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტში ბელორუსის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიტანა. დოკუმენტი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრაში ბელორუსის მონაწილეობის შეჩერებას გულისხმობს. მინსკის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების საკითხი ევროკავშირის ქვეყნებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

ევროპარლამენტში შეტანილი დოკუმენტის ავტორების აზრით, აუცილებელია, რომ ოპონენტთა წინააღმდეგ რეპრესიების გატარებაში ეჭვმიტანილ ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოთ. ”კონტაქტები ბელორუსის ხელისუფლებასთან მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი,” ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. უცხოური მედიის ცნობით, დოკუმენტს ევროპარლამენტში 20 იანვარს მიიღებენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ კი უკვე დაადასტურა, რომ ბელორუსის რამდენიმე ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. თუმცა, ვარშავაში არ ასახელებენ იმ ადამიანების ვინაობას, ვინც პოლონეთის”შავ სიაში” შევიდა. მინსკში კი აცხადებენ, რომ პოლონეთის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. 

კომენტარები