რუსეთმა სმოლენსკის ავიაკატასტროფაში პოლონელი მფრინავები დაადანაშაულა

რუსეთმა სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლები დაიღუპნენ, პასუხისმგებლობა პოლონელ მფრინავებს დააკისრა. ”საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა” გამოძიების საბოლოო ვერისია 12 იანვარს გამოაქვეყნა, რასაც პოლონური მხარის უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა.

”საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის” ექსპერტების აზრით, ეკიპაჟის მეთაური გაუმართლებელ რისკზე წავიდა და მიუხედავად დისპეჩერების აკრძალვისა, დაშვებას შეეცადა. მათი მტკიცებით, კატასტროფის მიზეზი ასევე გახდა ეკიპაჟის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც პილოტის კაბინაში მყოფი პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლი ახორციელებდა. 

რუსეთის ”საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის” დასკვნას პოლონეთის პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ ”ცინიკური”, ხოლო კომიტეტს ”სომხური რადიო” უწოდა. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა და პოლონეთში დაბრუნდა პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეჟი მილერმა განაცხადა, რომ სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების საკუთარ ანგარიშს პოლონური მხარეც გამოაქვეყნებს.

”სმოლენსკის აეროდრომის დისპეტჩერების პირდაპირი მოვალეობა იყო თვითმფრინავის დაჯდომა აეკრძალათ, თუმცა დროული და ადეკვატური ქმედების ნაცვლად, მათ მოსკოველ კოლეგებთან კონსულტაციები დაიწყეს. უახლოეს ხანში პოლონური მხარე წარადგენს ანგარიშს სადაც, ასევე, შევა სმოლენსკელი და მოსკოველი დისპეტჩერების საუბრის გაშიფრული ჩანაწერი", — აღნიშნა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

კომიტეტის ანგარიში ვარშავამ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მას მიუღებელი უწოდა და  განაცხადა, რომ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთზეც უნდა განაწილდეს. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა რუსეთს 150 გვერდიანი შესწორებები გაუგზავნა. რუსეთის საავიაციო ტექნიკურმა კომისიამ ეს შესწორებები საბოლოო დასკვნაში არ გაითვალისწინა. 
 
 

კომენტარები