ავსტრალიაში სტიქიას კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ქვეყანაში მომხდარ უდიდეს ბუნებრივ კატასტროფად შეაფასეს, ყველაზე მეტად კვინსლენდის შტატი დააზარალა. წყლის დონემ  აქ ორ მეტრს გადააჭარბა. გუშინ კი უეცრად მოვარდნილმა წყალმა ქალაქი ტუვუმბა დატბორა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კვინსლენდის შტატის პრემიერის, ანნა ბლაის განცხადებით, მდგომარეობა რეგიონში სულ უფრო და უფრო უარესდება. მისი თქმით, სტიქიის მასშტაბი, გასულ კვირასთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა. ხელისუფლებამ დღეს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ახლა სტიქია ავსტრალიაში სიდიდით მესამე ქალაქს, ბრისბენს უახლოვდება. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ათასობით ადამიანი საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და ქალაქის გარეუბნებისკენ ინაცვლებს.

ავსტრალიაში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი გათვლებით, მილიარდობით დოლარს გადააჭარბა. წვიმების სეზონი კონტინენტზე კიდევ ორ თვეს გასტანს. 

კომენტარები