ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების თითქმის ნახევარი დახურა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ  შეტანილი 3300 საქმიდან 1549 სარჩელის დახურა.  სასამართლოს პრეს სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად საქმეების განხილვისთვის აუცილებელი ინფორმაციის არქონა დასახელდა.  ”სასამართლომ მოსარჩელეების იურიდიულ წარმომადგენლებს ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნა 2010 წელს ორჯერ გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია,” ნათქვამია პრეს რელიზში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შეტანილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისა და ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო მოსამსახურეების მიერ. სასამართლოს პრეს სამსახურის ცნობით, მოსარჩელეები ქართულ მხარეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათ შორისაა მუხლები სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. 

კომენტარები