ცხინვალიდან სოხუმისა და მოსკოვის მიმართულებით საავტობუსო რეისების დანიშვნა იგეგმება

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალიდან სოხუმის, ასევე მოსკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი საავტობუსო რეისების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საავტომობილო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, სერგეი ვალიევის თქმით, რეისები დაინიშნება ცხინვალიდან პიატიგორსკის, ვოლგოგრადის, მინვოდის და როსტოვის მიმართულებითაც. ვალიევის თქმით ამჟამად სატრანსპორტო განყოფილების განკარგულებაში სულ 52 ავტობუსია.  საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ახალი მარშრუტების დაწყების მიზნით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა 15 ახალ ავტობუსს შეიძენს.

გასული წლის აგვისტოში რუსეთთან პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის დაწყების შესახებ განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა კი აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის განახლება „რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ასიმილაციის  კიდევ ერთ მცდელობად“ შეაფასეს. 

კომენტარები