პოლონური მედია: სმოლენსკის აეროდრომის რადარების ჩანაწერები ”გაუჩინარდა”

სმოლენსკის აეროდრომის რადარების ჩანაწერები, რომელზეც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის დაშვების მომენტი იყო დაფიქსირებული, გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. ამის შესახებ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, პოლონური ტელეკომპანია TVN24 იუწყება. პოლონელი ჟურნალისტების ვარაუდით, სმოლენსკის აეროდრომის დისპეტჩერს შესაძლოა ვერ დაენახა რადარზე პოლონური თვითმფრინავი, როცა ის ასაფრენი ბილიკის დასაწყისიდან ერთი კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

”ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება შუძლებელია, რადგან რადარების ჩანაწერები გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა,” განაცხადეს TVN24-ის ჟურნალისტებმა. ინფორმაციას, რომ პოლონურ მხარეს აქამდე არ მიუღია მოსკოვიდან პასუხი რადარების ჩანაწერების გადაცემასთან დაკავშირებით,  სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენელი, ედმუნტ კლიხიც ადასტურებს. ”ჩვენ რუსულ მხარეს მსგავსი თხოვნით არაერთხელ მივმართეთ, თუმცა არც პასუხი მიგვიღია და არც ჩანაწერები,” განაცხადა მან.

პოლონური ტელეკომპანიის ცნობით, მოსკოვს ვარშავისთვის არ გადაუცია სმოლენსკის აეროდრომზე დისპეტჩერების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ჩანაწერებით იმის გარკვევა მოხერხდებოდა, თუ ვინ გასცა მოსკოვიდან პოლონური თვითმფრინავის სმოლენსკის აეროდრომზე დასმის ნებართვა, დისპეტჩერების გაფრთხილებების მიუხედავად. პოლონელი ჟურნალისტების თქმით, მოსკოვმა ჩანაწერების გადაცემაზე უარის ოფიციალურ მიზეზად ის დაასახელა, რომ პოლონურმა მხარემ, საავიაციო კომიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, კაჩინსკის თვითმფრინავის პილოტთა კაბინაში ჩაწერილი საუბრების სტენოგრამები გამოაქვეყნა.

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან, თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის დელეგაცია 1940 წელს კატინში მომხდარი ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.  მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ კატინთან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა  პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. 

კომენტარები