ავსტრალიაში კვლავ სტიქია მძვინვარებს

ავსტრალიის შტატ კვინსლენდში წყალდიდობამ პიკს მიაღწია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ როკჰემპტონს შეუტია, სადაც მდინარეში წყლის დონის მაჩვენებელმა ნორმალურზე 9.2 მეტრით მოიმატა. ადგილობრივების თქმით, მდინარე სავსეა შხამიანი გველებით და ნიანგებით, რაც როკჰემპტონის მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ოფიციალური მონაცემებით წყალდიდობას უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

დატბორილი ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეების გასაყვანად და სტიქიის ზონაში დარჩენილთთვის პირველადი მოხმარების საგნების მისაწოდებლად სამხედრო ავიაციას იყენებს. სტიქიით დაზარალებულებმა გასული ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარეს. სინოპტიკოსების ცნობით, წყალდიდობა ავსტრალიაში კიდევ ორ კვირას გასტანს. ხელისუფლების ვარაუდით, დაიტბორება კიდევ 400-მდე საცხოვრებელი სახლი. ექსპერტების შეფასებით, ავსტრალიაში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რამდენიმე მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

კომენტარები