ტელეკომპანია "მაესტრომ" მაუწყებლობა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, არხს ფინანსური პრობლემები აქვს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური კი ირწმუნება, რომ არხი ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა, ხოლო როდის განახლდება მაუწყებლობა, მან არ იცის. ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს ”მაესტროს” მფლობელი, მამუკა ღლონტი. ის მაუწყებლობის გათიშვის მიზეზად პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს და აცხადებს, რომ არ იცის როდის განაახლებს მაუწყებლობას ”მაესტრო.”
სააგენტო” ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის მართვიდან ეროსი კიწმარიშვილის ”ფონდი 2020” გავიდა. ”მაესტროს” ჟურნალისტმა, ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანია არხის მართვაში უკვე კარგა ხანია არ არის. ტელეკომპანიის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ არხს ტექნიკური პრობლემები აქვს და არა ფინანსური.
”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თამარ რუხაძემ ”ტაბულასთან” საუბრისას ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ”მე საინფორმაციოს უფროსი ვარ და ამ საკითხზე ვერაფერს გიპასუხებთ. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მიმართეთ არხის ხელმძღვანელობას,” განაცხადა მან.
”მაესტროს” ხელმძღვანელობა მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
”მაესტროს” ხელმძღვანელობა მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.




