ოქროს გლობუსი

სოციალური გლობუსის დასაწყისი, მებრძოლი ტურისტებით და მოულოდნელი ნომინანტებით

 68-ე ოქროს გლობუსის ნომინანტები გამოვლინდნენ. ნომინირებულებში ბევრი მოულოდნელობაა, არის რამდენიმე ისეთი სურათი, რომელიც 2010 წლის საუკეთესო ფილმის წოდებას კი არა, ოქროს ჟოლოს უფრო იმსახურებს ყველაზე ცუდი ნამუშევრის ნომინაციაში. 
 

წლის საუკეთესო დრამის ნომინაციაში სიურპრიზები არ ყოფილა. დარენ არონოფსკის „შავი გედი” არაერთ კინოფესტივალზე რეჟისორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, ფილმი ვენეციაში ოქროს ლომზე იყო ნომინირებული და ამერიკის კინოინსტიტუტის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ბალერინას ისტორია ოქროს გლობუსის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი” 2010 წლის ყველაზე ორიგინალური ნამუშევარია, მაყურებელი სიზმრიდან სიზმარში მოგზაურობს, იქიდან კიდევ სიზმარში გადადის და საბოლოოდ ნოლანის ფანტაზიის ტყვე ხდება. „სოციალური ქსელი” კრიტიკოსებმა გააღმერთეს, დევიდ ფინჩერის რეჟისურა დეკადის მშვენებად შერაცხეს და შესაბამისად მისი ფავორიტთა შორის მოხვედრა უცნაური ნამდვილად არ ყოფილა. მარკ ზაკერბერგი და facebook-ის სხვა დამაარსებლები არა მარტო გლობუსის, არამედ ოსკარის მოპოვების სერიოზული პრეტენდენტები არიან. ტომ ჰუპერის ბრიტანული პროექტი „მეფის სიტყვა” მოგვითხრობს 40-იან წლებზე და მეფეზე, რომელსაც მეტყველების პრობლემები აქვს. მსახიობების ბრწყინვალე თამაშის წყალობით ფილმს კარგი შანსი აქვს არაერთი ჯილდო მოიპოვოს.
 
მეხუთე რჩეული დევიდ რასელის ფილმია უიღბლო მოკრივესა და მის ექსცენტრიულ ძმაზე. „მებრძოლის” წარდგენა ცოტა გასაკვირია, მაშინ როდესაც დენი ბოილის „127 საათი” და მაიკლ ლიის „კიდევ ერთი წელი” ნომინაციის გარეშე დარჩნენ, არადა ორივე ფილმს კარგი შეფასებები აქვს და ოსკარის პრეტენდენტებადაც მოიხსენიებენ. 
 
 ყველაზე დიდი მოულოდნელობა წლის საუკეთესო კომედია/მიუზიკლის ნომინაცია აღმოჩნდა. საუკეთესოს წოდებისთვის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, „ბარლესკი”, „ბავშვები კარგად არიან”, „R.E.D” და „ტურისტი” იბრძოლებენ. ტიმ ბარტონის „ალისა” წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. რამდენადაც კომერციულად წარმატებული გამოდგა ფილმი, იმდენად ცუდი იყო ის მხატვრული კუთხით. ლუის კეროლის უკვდავი ნაწარმოების ამაზე ცუდ ეკრანიზაციას ძნელად თუ ნახავთ სადმე. ასევე ძალიან ცუდია  „ბარლესკი”, სადაც მთავარ როლებს კრისტინა აგილერა და შერი ასრულებენ. ამ ფილმების ოქროს ჟოლოს ნომინაციაზე წარდგენა უფრო ნაკლებად გასაკვირი იქნებოდა ვიდრე ოქროს გლობუსზე. „ბავშვები კარგად არიან” საინტერესო ფილმია, ორიგინალური სცენარით და მსახიობების ბრწყინვალე თამაშით, მაგრამ სურათი დრამაა და საუკეთესო კომედია/მიუზიკლის ნომინაციაში რატომ არის წარდგენილი, ძნელი სათქმელია. „R.E.D” კარგი კომედია იყო, მეტწილად ჯონ მალკოვიჩის დამსახურებით, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა მეორეხარისხოვან როლზე ნომინაციას, ყოველ შემთხვევაში ენდრიუ გარფილზე („სოციალური ქსელი”) მეტად მაინც. „ტურისტის” ნომინირება უფრო კომერციული სვლა არის, ვიდრე ფილმის მხატვრული ღირებულების დაფასება. ფილმი აშშ-ის კინოგაქირავებაში ჩავარდა და მისი ნომინირებით ჯოლი-დეპის დუეტის სანახავად შეიძლება ხალხი კინოში წავიდეს. 
 
 საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოულოდნელობები არ ყოფილა. იქ, სადაც საუკეთესო ფილმის ნომინაცია „მებრძოლს” მისცეს, გასაკვირი არ არის, რომ რეჟისურისთვის დევიდ რასელი წარადგინეს. მაიკლ ლიის, დენი ბოილსა და ძმებ კოენებს (ამათ ფილმს საერთოდ არც ერთი ნომინაცია არ მისცეს) კი „თავაზიანი უარი უთხრეს”. 
 
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო დრამაში შესრულებული როლისათვის თინეიჯერების შედგენილ სიას ჰგავს. ჯესი ეიზენბერგი („სოციალური ქსელი”), ჯეიმს ფრანკო („127 საათი”), მარკ უოლბერგი („მებრძოლი”), რაიან გოსლინგი („ლურჯი ვალენტინი”) და კოლინ ფერტი („მეფის სიტყვა”) – ეს მსახიობები იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის. მადლობა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, რომ ნომინანტთა შორის „ბინდის” ვარსკვლავები რობერტ პატისონი და ტეილორ ლოტნერი არ არიან. წლის უდიდესი მოულოდნელობა იყო ხავიერ ბარდემის ნომინაციის გარეშე დატოვება. არადა ინიარიტუს ფილმში „მშვენიერი” ბარდემი ბრწყინვალეა და კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც მიიღო.
 
უოლბერგსა და ეიზენბერგის სიაში ჩასმას კი აჯობებდა, რობერტ დიუვალი („უკანდახევა”) და ჯიმ ბროდბენტი („კიდევ ერთი წელი”) დაეფასებინათ. ლეონარდო დი კაპრიო ნომინაციის გარეშე დატოვეს, არადა მსახიობს შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა – ჯერ სკორსეზეს „შეშლილ კუნძულში” ითამაშა, წელი კი „დასაწყისში” მთავარი როლით დააგვირგვინა. ალბათ ლეოს მისი მეგობარი სკორსეზესავით გააწვალებენ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისცემენ ოსკარს როლისათვის, რომელშიც ნაკლებად იმსახურებს და კინოში მის ღვაწლს ამით დააფასებენ.
 
 კომედიაში ან მიუზიკლში შესრულებული როლისთვის ნომინირებულ მსახიობებს სავარაუდოდ თავადაც გაუკვირდათ სიაში მოხვედრა. პოლ ჯიამატის („ბარნის ვერსია”) გარდა არც ერთი სხვა მამაკაცი მსახიობი არ იმსახურებდა ოქროს გლობუსზე „დასწრებას”. კევინ სპეისის დიდების წლები წარსულს ჩაბარდა და მისი პერსონაჟი „კაზინო ჯეკში” არაფერ ახალსა და განსაკუთრებულს არ სთავაზობს მაყურებელს, ჯეიკ გილენჰაალი („სიყვარული და სხვა წამლები”) უბრალოდ სიის შესავსებადაა ჩასმული, ჯონი დეპი („ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, „ტურისტი”) მერილ სტრიპის შემდეგ ყველაზე მეტად უყვართ გლობუსზე. მნიშვნელობა არ აქვს „ჯეკ ბეღურა” რა ფილმში თამაშობს, მისი პერფორმანსი მომხიბვლელია თუ გულისამრევი, ამ ბიჭს მუდამ აქვს შანსი მოიგოს გლობუსი. წელს დეპი საერთოდ ორ ნომინაციაზე წარადგინეს.
 
სუსტი სქესის წარმომადგენლებთან საქმე შედარებით უკეთესადაა. დრამაში საუკეთესოდ თამაშისთვის ერთმანეთის კონკურენტები ნატალი პორტმანი („შავი გედი”), ნიკოლ კიდმანი („კურდღლის სორო”), ჯენიფერ ლოურენსი („ზამთრის მარაგი”), მიშელ უილიამსი („ლურჯი ვალენტინი”) და ჰოლი ბერი („ფრენკი და ელისი”) არიან. ტილდა სუინტონი („მე ვარ სიყვარული”) ნომინაციის გარეშე ცოტა უცნაური იყო, თუმცა სხვა ყველაფრის ფონზე ამაზე წუწუნი უხერხულია. 
 
მიუზიკლსა ან კომედიაში ნომინირებული ქალბატონები მეტ-ნაკლებად საინტერესო სურათს ქმნიან. ანეტ ბენინგი  და ჯულიანა მური  ფილმში „ბავშვები კარგად არიან” ნამდვილად იმსახურებდნენ ნომინაციას, ემა სტოუნიც („მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი”) მისაღები კანდიდატურაა. ენ ჰეტუეისაც არა უშავდა „სიყვარული და სხვა წამლებში”. ანჯელინა ჯოლი („ტურისტი”) კი სრულიად ზედმეტია სიაში. მის მაგივრად თავისუფლად შეეძლოთ რიზ უიზერსპუნის („რა იცი”) ნომინირება.
 
ნომინაციების მიხედვით „მეფის სიტყვა” ლიდერობს. ბრიტანულ ფილმს 7 ჯილდოს მოპოვების საშუალება აქვს, 6-6 ოქროს გლობუსის დაუფლების შანსი აქვს „სოციალურ ქსელსა” და „მებრძოლს”. „დასაწყისსა” და „ბავშვები კარგად არიან” 4 ნომინაცია აქვთ. დაჯილდოების ცერემონია 16 იანვარს გაიმართება და კარგი იქნება, თუ სიურპრიზები ნომინაციებით დასრულდება და ჯილდოებს მართლა ღირსეული კანდიდატები მიიღებენ.

კომენტარები