ირაკლი ფარჯიანისეული ზღაპარი

ადვილი წარმოსადგენია საღებავებით აჭრელებული სახელოსნო, ახალგაზრდა მხატვარი სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით, მცირეწლოვან შვილთან ერთად ხატავს. მაშინ სოფიო ფარჯიანი 10 წლისაც არ იყო. მამა გვერდით დაისვამდა ხოლმე  და აძლევდა საღებავებს, ფუნჯებს... საათობით ისხდნენ და ერთად ხატავდნენ – „ხშირად მისი ნამუშევარი შემთხვევით გამიფუჭებია კიდეც, ნახატები, რომლებსაც მამა იატაკზე გასაშრობად აწყობდა, გადაყრილი მეგონა და მასზე თავიდან ვხატავდი. მამასთან ხატვა ჩემთვის თამაში იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა, ხოლო მისთვის, როგორც მხატვრისთვის – ძირითადი შთაგონების წყარო”. ირაკლი ფარჯიანის ფანტასმაგორიული, მითებითა და ლეგენდებით სავსე სამყარო ყველა ბავშვისათვის მიმზიდველია. ხშირად საკუთარი შვილების სილუეტებს და თვალის ფორმებს, სხვადასხვა პერსონაჟების გამოსასახად იყენებდა.

მხატვარი, რომელიც 18 წლის წინ გარდაიცვალა, ახლაც ცოცხალია, თავისი ნამუშევრებით, ესკიზებით, ილუსტრაციებით, რომელთაგანაც ზოგიერთი დღემდე საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო...

10 დეკემბერს ბაია გალერეაში სწორედ ირაკლი ფარჯიანის საოჯახო არქივში შემონახული უცნობი ესკიზებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა. გამოფენა “ესკიზი, ილუსტრაცია” ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების ყველაზე ვრცელ და საზოგადოებისათვის უცნობ მონაკვეთს წარმოაჩენს. დამთვალიერებელმა პირველად იხილა ესკიზები სურათებისათვის. გამოფენამ სტუმრებს საშუალება მისცა  თვალი შეევლოთ ირაკლი ფარჯიანის ცნობილი  და სერიული ნამუშევრების შექმნის პროცესისათვის.

  “როგორ იქმნებოდა სხვადასხვა სერიის სურათები, რელიგიური კომპოზიციები და ილუსტრაციები... რა მოდიფიკაციას განიცდიდა ესკიზი ფინალურ ობიექტამდე – სურათამდე... – ეს ყველაფერი კარგად ჩანს გამოფენაზე წარმოდგენილ მრავალრიცხოვან ესკიზებში, რომლებიც ეტაპობრივად ასახავენ იდეის ტრანსფორმაციას მის განხორციელებამდე. გამოფენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რა გზით მიდიოდა მხატვარი საბოლოო გადაწყვეტილებამდე”, – აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძე. მისი აზრით, „ესკიზებში მხატვარი არ ითვალისწინებს მომავალ მაყურებელს; ეს დახურული სამყაროა და ამ ნამუშევრებს მისთვის პრეზენტაციული დანიშნულება არ გააჩნიათ. უფრო ინტიმურია – ექსპერიმენტის, რისკის, აღმოჩენის და ზოგჯერ თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს”. სწორედ ამიტომაცაა საინტერესო, რომ პირადი წერილების მსგავსად, მხატვრის ყველაზე ინტიმურმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელი იდუმალ, ზღაპრულ სამყაროში დააბრუნა. რამდენიმე წუთით ყველა მხატვრის სახელოსნოში, მის გვერდით მჯდომი პატარა გოგონას ადგილზე აღმოჩნდა, რომელიც მამასთან ერთად წლების მანძილზე ასე თამაშობდა – ხატავდა. პირველად სწორედ აქ გამოფენილ ესკიზებზე გაცოცხლდნენ ირაკლი ფარჯიანის პერსონაჟები, ამოძრავდნენ და სიცოცხლე შეიძინეს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო, მესამოცე წელს მიეძღვნა. მომავალში თარიღის აღნიშვნა სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება. სპეციალურად ამ დღისთვის გამოიცა კატალოგი, სადაც თავმოყრილია ყველა ის უცნობი ესკიზი და ილუსტრაცია, ხარების და სხვა რელიგიური ნამუშევრების ესკიზები, ბერლინის ციკლის, აბსტრაქციების ჩანახატები, რომელიც გამოფენაზე წარმოადგინეს.

 საგამოფენო დარბაზში საგრძნობლად დათბა. თუკი შენც გათბი ამ სუსხიან, ვითომდა თბილ დეკემბერში, ე.ი. კათარზისიც ახლოსაა.

კომენტარები