დევნილები ”საახალწლო გამოსახლების” შეჩერებას ითხოვენ

თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა ახალ წლამდე ჩასახლების ადგილები უნდა დატოვონ. "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” ცნობით, ამის შესახებ წერილობითი შეტყობინებები დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიიღეს.

უახლოეს მომავალში დევნილების გამოსახლება ტაშკენტის, ყაზბეგის, სამღერეთის , კანდელაკის, მიცკევიჩის , ზუბალაშვილების, ქერჩის, გურამიშვილის, ქეთევან წამებულის, ყიფშიძის, უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე მდებარე შენობებიდან, ასევე თბილისის ზღვასა და სტუდქალაქში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან იგეგმება. მათ შენობების დაცლისთვის 10 დღიანი ვადა მისცეს, აცხადებენ ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობაში.” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს გურჯაანის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის და  ზუგდიდის რაიონების სოფლებში.

”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” თანათავმჯდომარის, დიმიტრი ომანაძის თქმით, დევნილები თბილისში ალტერნატიული ფართების გამონახვამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მოძრაობამ ამ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, თბილისის მერს, კათოლიკოს-პატრიარქს, ნორვეგიის საელჩოსა და გაერო-ს უმაღლეს კომისარიატს ღია წერილი უკვე გაუგზავნა.

ამ საკითხზე დღეს პარლამენტში ბრიფინგი პარტია ”ჩვენ თვითონ”- ის ლიდერმა პაატა დავითაიამ გამართა. დავითაიამ მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვა გამოსახლების პროცესის შეჩერება. მისი თქმით,  ”დევნილებისადმი ასეთი მიდგომით, სწორედ მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგია ირღვევა”.

შექმნილი მდგომარეობის გამო დღეს "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა",  "ხალხის პარტიისა" და "კონსერვატორების" მხარდაჭერით,  საპროტესტო აქციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართავს.

კომენტარები