ფრედერიკ სტარი: “ცხოვრება თავად” განსაზღვრავს ამერიკის პოლიტიკას კავკასიაში

 ფრედერიკ სტარი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და “აბრეშუმის გზის” კვლევების პროგრამის თავმჯდომარე

 

რა გავლენას მოახდენს კონგრესის  შუალედური არჩევნები ამერიკის პოლიტიკაზე კავკასიის რეგიონში?

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კავკასიას შორის ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა და განახლება გარდაუვალია. ეს ურთიერთობები ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს უდაბლეს ნიშნულზე დავიდა. ბაიდენის ვიზიტი თბილისში ამ თვალსაზრისით, უშედეგო იყო. მან სიტყვა სადღეგრძელოს ფორმით წარმოთქვა  და თქვა ის, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობდა. კლინტონის ვიზიტი იყო აღიარება, რომ რეგიონის შემდგომი უგულებელყოფა დაუშვებელია.

მე ინტერესის უცაბედ ზრდას, ან ბრძნულ სტრატეგიას არა, მაგრამ ურთიერთობების მყარ, ეტაპობრივ აღდგენას ველი, პირველ რიგში, საქართველოსთან, და შემდეგ – აზერბაიჯანთან. რუსეთი არ ასრულებს საქართველოსთან ომის შემდეგ ნაკისრ ვალდებულებებს. მხოლოდ განცხადებები, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის რუსეთის ნაწილი, არასაკმარისია. კონკრეტული მოქმედებაა საჭირო. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო აქტიური და მიზანმიმართული პოლიტიკა კავკასიაში, მყარად იზრდება.
 
 რა შეიძლება იყოს ამერიკის შემდეგი, კონკრეტული ნაბიჯი რეგიონში?
 
ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ კავკასიაში არის ორი პრობლემა და მათზე თვალი არ უნდა დახუჭოს. პირველი ყარაბახია, ხოლო მეორე – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოსკოვისთვის ძალზე მოსახერხებელი იყო ყარაბახის კონფლიქტის შენარჩუნება 20 წლის მანძილზე, და ის დღესაც ხელს ურევს “ყარაბახის სამზარეულოში”.
 
თქვენ ნახავთ მზარდ ინტერესსა და აქტივობას აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. მომავალ წელს აფხაზეთის კორუფციული მითვისების ისტორია ყველასთვის კარგად გახდება ცნობილი და სოჭის ოლიმპიადას დაუკავშირდება. ჩამოყალიბდება მტკიცე საზოგადოებრივი აზრი, და მთავრობები ევროპასა და ამერიკაში იძულებული იქნებიან მას ანგარიში გაუწიონ.
 
რუსეთი ცდილობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რისთვისაც მას საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება. ნაკლებსავარაუდოა, თბილისმა რუსეთის კლუბში მიღებას მხარი დაუჭიროს, სანამ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია.
 
საქართველო ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ამ კოზირის შენარჩუნებით. თბილისმა დიდი სიფრთხილე გამოიჩინა, რომ ამ საკითხის ზედმეტი პედალირება არ მოახდინა. რუსეთსა და მსო-სთან დაკავშირებით ისმის კითხვა: აპირებს თუ არა კრემლი მსო-ის პრინციპების ერთგულებას? თუ ის კლუბის წევრობას გეგმავს, მაგრამ კლუბის ჰალსტუხის გაკეთება ავიწყდება, მაშინ მისი მიღება ორგანიზაციაში სერიოზული შეცდომა იქნება.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი ერთიანი კავკასიის იდეით გამოდის, ახდენს რა ფოკუსირებას რეგიონულ პოლიტიკაზე. როგორია თქვენი შეფასება?
 
საზღვრისპირა რეგიონებს შორის კონტაქტები წესია და არა გამონაკლისი. რუსეთი ცდილობდა ყველასთვის თავს მოეხვია აზრი, რომ ჩრდილოეთ კავკასია “დაავადების ზონაა” და საჭიროა მისი იზოლირება და დღემდე მშვიდად თანხმდებოდნენ ამას. საქართველოს ინიციატივა აბსოლუტურად ლოგიკურია. რუსებს კარგად ესმით საქართველოს წინადადების ენა. ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია.
 
ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ განსხვავებაზე პუტინსა და მედვედევს შორის. თქვენ თუ ხედავთ სხვაობას მათ შორის ღირებულებებისა და შეხედულებების თვალსაზრისით?
 
რუსეთის განვითარება არასოდეს ყოფილა მდგრადი და ევოლუციური – ხშირად ეს მასშტაბური და მოულოდნელი ცვლილებების გზით ხდებოდა. ყველა, ვინც გამორიცხავს მოულოდნელ ცვლილებებს რუსეთში, გულუბრყვილოა. არა მგონია, რუსეთის ხელისუფლება თავად გამორიცხავდეს ასეთ შესაძლებლობას. ისინი საკმაოდ ფხიზლად აფასებენ რეალობას და მოსალოდნელ საფრთხეებს. პუტინის მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ ცინიზმის დონე რუსეთში შემაშფოთებელია. ასეთ ცინიზმს არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებში, არამედ ხელისუფლების შიდა წრეებშიც შეხვდებით. ხელისუფლება თვითონ არის ცინიკური. ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანს.
 
კონგრესის არჩევნების ფონზე როგორ დაახასიათებდით ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებს?
 
ფრანგული პარლამენტისგან ნასესხები “მემარჯვენე და მემარცხენე გეომეტრიის” გამოყენება ამახინჯებს რეალობას. სინამდვილეში წრიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: ძლიერ იზოლაციონიზმთან და ასევე ძლიერ ინტერნაციონალიზმთან – ორივე პარტიაში.  საჭიროა მსოფლიოში, რომლის განუყოფელი ნაწილიც ვართ, აქტიური პოლიტიკის გატარება. ეს გარდაუვალია, იმისდა მიუხედავად თუ როგორ იმუშავებს  მემარჯვენე –  მემარცხენეთა, ან რესპუბლიკელ – დემოკრატთა ურთიერთობები.
 
მემარჯვენეებსა და მემარცხენეებშიც, არის გარკვეული იზოლაციონიზმის ტენდენცია. ყოველთვის ასე იყო, და შესაძლოა, უფრო მეტი ხმაურის მიზეზია, ვიდრე სინამდვილეს შეესაბამება. ეს არის თვალსაჩინო ტესტი, რომელიც გვიჩვენებს, შეუძლია თუ არა ობამას ლიდერობა. მოახერხებს კი იგი აღიარებას, რომ ჩვენ “გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობები მსოფლიოში, და მათ ყურადღება უნდა დავუთმოთ”. ობამამ უნდა შეძლოს შეწინააღმდეგება იზოლაციონისტებთან საკუთარ და რესპუბლიკურ პარტიაშიც. მოახდენს იზოლაციონიზმი ვითარებაზე სერიოზულ გავლენას? არა მგონია.
 
 თქვენი აზრით, საშინაო პოლიტიკას არ აქვს გავლენა საგარეო პოლიტიკაზე. ფიქრობთ, რომ ის, თუ როგორ გაართმევს თავს ობამა საშინაო გამოწვევებს, გახდის ეფექტიანს მის საგარეო პოლიტიკას?
 
ობამას არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკა. თუ ის უშინაარსოა, შეიცავს თეატრს და რიტორიკას, პრეზიდენტი კომფორტულად გრძნობს თავს. აქ გორბაჩოვის სიტყვებით ვიტყვი – “ცხოვრება თავად” აიძულებს მათ იზრუნონ ამერიკისათვის მსოფლიო ლიდერის სტატუსის დაბრუნებაზე  – ასეთ ოპტიმიზმს მყარი საფუძველი აქვს, რადგან სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანია. ობამა  70-იანი, 80-იანი წლების ადამიანია, ერთგვარი უკანდახევაა. 
 
ობამა ხშირად ხმარობს სიტყვას “პროგრესული”, თუმცა სინამდვილეში წინა ეპოქის კაცია. ეს ცივი ომისა და კონფრონტაციის ერაა, რომელშიც ევროპული სოციალიზმი საშინლად მომხიბვლელი ჩანდა – ობამა კვლავ ამ სიმღერას  მღერის. “გადატვირთვა’’ რუსეთთან იმის დასტურია, რომ ის კვლავ ცივ ომში იბრძვის და ცდილობს დადასტურებას, რომ ამ ომის მონაწილე არ არის. 
 
რუსეთთან “გადატვირთვა” არაერთი მესამე ქვეყნის ხარჯზე მოხდა, და დღეს ბრძენი ხალხი ხვდება, რომ ბევრს ვთმობთ, თუმცა სანაცვლოდ თითქმის არაფერს ვიღებთ. ჩვენ ვერ მივიღებთ პუტინის დოქტრინას გავლენის სფეროების შესახებ, რომელიც დამღუპველია არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგანაც ეს ქვეყანა იმპერიული სახელმწიფოს როლის დამკვიდრებისთვის იღვწის და არა ღია საზოგადოებისათვის.
 
თავის დროზე ბევრმა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკას შეაფარა თავი. სახლში იმედგაცრუებულები ისინი საზღვარგარეთ მოგზაურობდნენ, სადაც ორკესტრებითა და აღლუმებით ხვდებოდნენ. მაგრამ ამერიკისათვის მთავარი გამოწვევა იმის აღიარებაა, რომ შეუძლებელია თავად აირჩიო მოედანი, რომელზედაც თამაში გინდა. ობამა გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა არც ერთ საკითხში არ გაუმართლა. “ცხოვრება თავად”, ანუ რეალობა განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, და არა ცალკეული ინდივიდების კაპრიზები და სურვილები.
 

კომენტარები