ლე ფიგარო: მოსკოვსა და პარიზს შორის მისტრალზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება

ფრანგული სადესანტო ავიამზიდი ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ მოსკოვსა და პარიზს შორის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ნიკოლაი მაკაროვმა აუწყა.

პარიზის მხრიდან რუსი ოფიციალური პირის განცხადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ფრანგული გამოცემა ლე ფიგაროს ცნობით, საფრანგეთში მისტრალის საკითხზე მოსკოვის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს შეჩვეული არიან. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულდა, რუსულმა მხარემ მისტრალის შეძენის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და შემოდგომაზე საერთაშორისო ტენდერიც გამოაცხადა.

ლე ფიგარო ვარაუდობს, რომ მისტრალის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საფრანგეთის ზოგიერთ მოკავშირეს, კერძოდ საქართველოს გაანაწყენებს. ”თბილისში მიიჩნევენ, რომ ყველაზე უარესი ის არის, რომ ქვეყანა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარების გადაადგილებას აფერხებდა, დათანხმდა რუსეთისთვის სამხედრო გემები მიეყიდა,” წერს ლე ფიგარო.

აშშ-ში აცხადებენ, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის დადებული გარიგება ”უადგილოა.” ამას მოწმობს საფრანგეთისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრებს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტპორტალმა ვიკილიქსმა გამოაქვეყნა. რობერტ გეიტსის თქმით, ვაშინგტონის შეშფოთება იმას უკავშირდება, რომ ამგვარი გარიგება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც ”რუსეთს კვლავინდებურად არ ენდობიან და  არ იციან რამდენად შეუძლიათ ენდონ დასავლეთს,” გარკვეული ”პოლიტიკური გზავნილი” იქნება.

კომენტარები