სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა

დღეს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე სპეციალური ანგარიში წარადგინა. ანგარიში სახელმწიფო ზრუნვის რეზიდენტულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ 8 სახელმწიფო რეზიდენტულ დაწესებულებაში  ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მთელი რიგი სისტემური და კერძო ხასიათის დარღვევები გამოვლინდა.  ტუღუშის თქმით, მათ შორის იყო არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები დაწესებულების ბენეფიციარებისადმი, ასევე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების სერიოზული ნაკლებობა. 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს არა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას, არამედ, რიგ შემთხვევებში, გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების საშუალებასაც უზღუდავს. ”მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილია ფაქტები, როდესაც ბენეფიციარები წლების განმავლობაში ოთახიდან ვერ გამოდიან, რადგან არ აქვთ საინვალიდო ეტლი და გარემო არ არის ადაპტირებული,” განაცხადა ტუღუშმა.

სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა, ჯანდაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას ურუშაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს სამინისტრო ”საქმით უპასუხებს. ”

კომენტარები