პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის სპეციალური მაღაზიები იხსნება

თბილისში მცხოვრებ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ პირებს 100-მდე დასახელების პროდუქციის ფასდაკლებით შეძენა შეეძლებათ. საინფორმაციო სააგენტო ნიუსჯორჯია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე დაყრდნობით იუწყება, რომ  დეკემბრის ბოლომდე  დედაქალაქში მაღაზიათა ქსელი ”ნუგეში” გაიხსნება. ქსელის 80-მდე მაღაზიაში პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გარკვეულ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საქონელს 10-20 პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძენენ.

როგორც ”ტაბულას” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. თუმცა კონკრეტულად ვისი ინიციატივით და დაფინანსებით იხსნება მაღაზიათა ქსელი, ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს არა აქვს. ”ჩვენ მხოლოდ დასაქმების კუთხით ვართ ჩართული ამ პროექტში. მერიის დასაქმების პროექტიდან რეკომენდაციები გავუწიეთ, თუ ვინ შეიძლება დასაქმდეს,” განაცხადეს თბილისის საკრებულოს პრეს სამსახურში. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ”ნუგეშის” მაღაზიებში 200 ადამიანი დასაქმდება. 

კომენტარები