გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის კორუფციასთან ბრძოლას ეფექტურად მიიჩნევს

თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ”ეფექტური” ან ”ძალიან ეფექტურია”. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. გამოკითხვა თბილისში კომპანია გორბიმ 2010 წლის ივნისში ჩაატარა. ”გლობალური კორუფციის ბარომეტრის” გამოკითხვის ფარგლებში დედაქალაქის 500 მაცხოვრებელი გამოიკითხა.  გამოკითხვა  მსოფლიოს მასშტაბით სულ 86 ქვეყანაში ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც აღნიშნულ სფეროში მთავრობის ძალისხმევა ”ეფექტურად” ან ”ძალიან ეფექტურად” შეაფასეს, ყველაზე მაღალია.

ქართველ რესპონდენტთა 78 % ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონის შემცირებაზე ან ”ძალიან შესამჩნევ შემცირებაზე” საუბრობს. ამ მაჩვენებლითაც საქართველო სხვა ქვეყნებს შორის ლიდერობს. თბილისში გამოკითხულთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე კორუფცია საქართველოში ”ძალიან გაიზარდა.”  კვლევის მიხედვით, ეს ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია სხვა გამოკითხულ  ქვეყნებთან შედარებით.

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ინსტიტუტია. მედიის საშუალებით კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს სჯერა, კერძო სექტორის როლს ამ საქმეში გამოკითხულთა 1.6 % ხედავს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული მოქალაქეთა ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, მედია, ეკლესია, არასამთავრობო და კერძო სექტორი, გაიზარდა. ”თუმცა, პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩება,” დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. 

კომენტარები