სააკაშვილმა აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 8 დეკემბერს მექსიკაში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე აფხაზეთში შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ”საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ოკუპანტი ძალისა და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედებების გამო, შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის,” განაცხადა სააკაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული სამშენებლო პროექტისთვის მდინარე გუმისთიდან ინტერტული მასალების მოპოვებამ მეწყერები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში, შავ ზღვაში ნავთობის მოძიება უკანონოდ ხდება. ”ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ქმედებები,” დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს. გაეროს კლიმატის ცვლილების მე-16 კონფერენცია მექსიკის ქალაქ კანკუნში 29 ნოემბერს გაიხსნა და 10 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები