ჯანმრთელობა! ჯანმრთელობა!

ეს სიტყვა ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს. თუ დააცემინებთ, ნუ დაელოდებით ვიდრე ვინმე თქვენთვის ნახევარ მილიონს გაიმეტებს. ნახევარს იმიტომ, რომ კეთილისმსურველისგან გამეტებულ “მილიონს” თქვენ “პაპალამ” უნდა დაახვედროთ. ნუ დაელოდებით ვიდრე ვინმე თქვენთვის “ბედნიერებას” გაიმეტებს – ბედნიერება ბევრნაირია და მათ რიცხვში ის ბედნიერებაც იგულისხმება, როცა  სრულიად გათიშული, აპარატზე შეერთებული, ან თუნდაც არაფერზე შეერთებული ხართ. მაგრამ თავი ბეღურა გგონიათ და დღენიადაგ ცდილობთ აივნიდან გაფრენას. ნურც “სიცოცხლეს” დაელოდებით, რადგან მასაც აქვს ბნელი ტალანები სომალისა და ჩრდილოეთ კორეაში. ნურავის და ნურაფერს დაელოდებით, უთხარით საკუთარ თავს “ჯანმრთელობა” და დღეში ათასჯერ გაიმეორეთ ეს სიტყვა, რომ ყოველთვის გახსოვდეთ:

 
ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა!
 
ახალს ვერაფერს ვიტყვი – საქართველოში და, ალბათ, ხორვატიაშიც ადამიანების ბუნება ისეა მოწყობილი, ვიდრე არ დაიკრუნჩხები, ექიმს არ მიაკითხავ. არადა, ცოტა არ იყოს, ლოგიკურიც კია – რა მინდა ექიმთან თუ არაფერი მაწუხებს?! 
 
მაგრამ საქართველოში ისე მაინც არ არის როგორც ხორვატიაში ან ჰოლანდიაში. გურჯისტანში ავად გახდომა მხოლოდ ავადმყოფობას არ ნიშნავს. აქ თუ გულმა მოგიჭირა, ექიმთან რიგში დგომისგან ხერხემალზე პათოლოგია გაგივითარდება. არადა, რიგში რა გინდა, შენ ხომ ჩაწერილი ხარ ორის ნახევარზე? თუმცა უკვე სამი საათია და შენ წინ კიდევ ორი პაციენტია. ჰოკეის “კლუშკასავით” კედელზე აყუდებას თუ გადარჩი და თავისუფალ სკამზე მოკალათდი, უჰაერობა დაგახრჩობს, რადგან მოსაცდელი არ ნიავდება. მოსაცდელი რომ არ ნიავდება, ნერვებს აგიშლის, ნერვებაშლილი ხელებს გაშლი, ხელებს გაშლი და მენეჯერი სიიდან წაგშლის. ამიტომაც ხმაამოუღებლივ უნდა შეეგუო მდგომარეობას და კარდიოლოგის კაბინეტიდან ხუთ საათზე გამოსული, მეორე დღეს ქიროპრაქტიკოსთან ჩაეწერო პირველ საათზე. და მიხვიდე პირველზე. იმ იმედით, რომ წინა დღეს გაუგებრობა მოხდა, მენეჯერმა ეს დაწვრილებით და სინანულით აგიხსნა და შენც გწამს, რომ პირველზე ქიროპრაქტიკოსის კაბინეტში ლოგინზე იწვები, ის კი ხერხემლის მალების მასაჟს გაგიკეთებს.
 
თუმცა, ასე ძალიან იშვიათად ხდება. ბოლოს, მსგავსი რამ ორი წლის წინ აგვისტოში მახსოვს, ექიმთან მისულს არც რიგი დამხვდა, მენეჯერმა ყავაც კი შემომთავაზა და ამბავიც მომიყვა, ჩემმა შვილმა ინტერნეტში წაიკითხა, რუსები ცხინვალს გვითმობენო.
 
მაგრამ, აბა, ჯანმრთელობა გისურვეთ და ომი რა მოსატანია. თან თუ ომის გამოვლა მაინც გიხდება. განსაკუთრებით ეფექტური საომარი ტაქტიკის შემუშავება მაშინ გიწევს, როცა “პოლიგონი” ძველ, საბჭოთა ტერიტორიაზეა გაშლილი და მოწინააღმდეგეც ეგეთივე დანაფტალინებული მენტალიტეტის მედიკოსები არიან. “მინუტკით” თურქულ ყავას რომ იმზადებენ და თან გეკითხებიან: რამ შეგაწუხათ? თქვენი სახელი? რამ შეგაწუხათ? ასაკი? რამ შეგაწუხათ? 
 
რამ შემაწუხა და იმან, რომ გულის უკმარისობა როცა მაქვს, ხუდადოვზე ტუბერკულოზის ცენტრში არ უნდა გამიშვა სამკურნალოდ, იქ რომ ვერაფერს მიშველიან – იმიტომ, რომ ტუბერკულოზი არ მაქვს, – ონკოლოგიურში პატივცემული ონკოლოგი არ უნდა მირჩიო; უკან რომ მოვბრუნდები, ჩემთან არ უნდა დაიჩივლო რენტგენის აპარატის ბრალია, გამოსახულება კარგად არ ჩანსო. მაწუხებს ის, რომ პაციენტს როცა ესაუბრები (გასინჯვაზე პრეტენზია აღარ მაქვს), ჯობს პაციენტზე იფიქრო და არა იმაზე თუ როგორ მოგეწონა იმპორტული „ჩულქი”, რომელშიც შენი კოლეგა ვერ ჩაეტია და ძალიან ენანება სხვისთვის მიცემა, შენ კი იაფად მოგცემს; მაწუხებს ის, რომ აქილევსი არ ვარ, ექიმთან მისვლა აღარასოდეს დამჭირდეს და არ მინდა ხელმოტეხილი ნეიროქირურგთან გამიშვა. ეს ყველის სუნიც მაწუხებს, სამედიცინო ინსტრუმენტების უჯრიდან რომ ამოდის და შენი ხალათიც, რომელიც თეთრი უნდა იყოს. ეს კუსტარული სკამიც მაწუხებს და ეს საბჭოთა ერთმეტრიანი სივრცეც, ორ კარს შუა რომაა მოქცეული და ამხელა სამყაროში მაინცდამაინც მას ემსგავსები. 
ჰოდა, ამიტომაც ყოველ წამს გვახსოვდეს:
 
ჯანმრთელობა!

კომენტარები