აფხაზური მხარე ქართული ეკლესიის განზრახ დაზიანებას უარყოფს

სოხუმის ეპარქიის დე ფაქტო წინამძღოლი, ბესარიონ აფლიაა აცხადებს, რომ ცნობა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქართული წარწერებისა და ფრესკების განზრახ გადაშლის შესახებ ”მოგონილია”. მან დაადასტურა, რომ ძეგლის ავთენტურობა სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეწირა. თუმცა, ცვლილებებს აფლიაა იმით ხსნის, რომ საომარი მოქმედებებისას ქართველი ჯარისკაცები ეკლესიაში კოცონს ანთებდნენ — კედლები გაბოლილი და დაზიანებული იყო.

”მხოლოდ აუცილებელი სამუშაოები ჩავატარეთ. შეკეთდა კედლების მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც ბოლით იყო დაზიანებული. გუმბათი კი საომარი მოქმედებების დროს ჩაინგრა, ეკლესიას სახურავი აღარ ჰქონდა და ეს სახურავი გაკეთდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიზანმიმართულად გვინდოდა ქართული არქიტექტურის შეცვლა”, — განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” აფლიაამ.

მისივე თქმით, ილორის ეკლესიასთან დაკავშირებით აფხაზეთში საგანგებო კრება შეიკრიბება,  და თუ გაირკვევა, რომ რაიმე არასწორად გაკეთდა, ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებიან. ”თბილისში არ უნდა იფიქრონ, რომ აქ ბარბაროსები ვართ და მართლმადიდებლობის ან საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძვით" — აღნიშნა აფლიაამ. მისი თქმით, შესაძლოა ქართველ სპეცალისტებს ძეგლის გამოკლვევის საშუალება მიეცეთ. "ადამიანებს  შეუძლიათ ჩავიდნენ აფხაზეთში და თავად ნახონ, რა ხდება” განაცხადა მან.

ქართული მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმინდა გიორგის სახელობის მე-11 საუკუნის ეკლესიის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხახვისთავიანი გუმბათი. აღმოსავლეთ კედელზე ქართული დამწერლობით  შესრულებული ხუთი  წარწერა კი თეთრად გადაღებეს. კულტურის სამინისტრომ მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გასულ კვირას გამოაქვეყნა. 

კომენტარები