პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა იზრდება

28 ნოემბერს მოლდოვამ ახალი პარლამენტი აირჩია. ბოლო 19 თვის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უკვე მესამედ ჩატარდა. 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოსაპოვებლად ერთმანეთს 20 პოლიტიკური პარტია და 19 დამოუკიდებელი კანდიდატი ეჯიბრებოდა.  

მოლდოვის მოსახლეობამ, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გააცნობიერეს არჩევნების მნიშვნელობა და კენჭისყრამაც შთამბეჭდავად, ამომრჩეველთა 59%-იანი აქტივობის ფონზე ჩაიარა.  
 
საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, რომ მოლდოვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ეუთოსა და ევროპის საბჭოს თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. საერთო ჯამში არჩევნები გამჭვირვალე, ობიექტურ, კონკურენტულ და პლურალისტურ გარემოში ჩატარდა.
საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათში ბიულეტენების 99% უკვე დათვლილი იყო. შედეგების თანახმად საარჩევნო მარათონში მოლდოვის კომუნისტური პარტია ლიდერობს – 39%. პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 29%-ით მეორე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ფილატი ამ არჩევნების უპირობო გამარჯვებულია. 2009 წლის ივლისის არჩევნებთან შედარებით მისმა პარტიამ
13%-იანი უპირატესობა აჩვენა. მარიან ლუპუ და მისი დემოკრატიული პარტია 12%-ით მესამე ადგილზეა. ხმათა 10% დააგროვა ლიბერალურმა პარტიამ, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ ხელმძღვანელობს. ალიანსმა – ჩვენი მოლდოვა, რომელიც პროდასავლური ორიენტაციის ევროპული ინტეგრაციისათვის კოალიციის მეოთხე წევრი იყო, 4%-იანი საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა და საკანონმდებლო ორგანოს მიღმა აღმოჩნდა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ პარტიას მომდევნო პარლამენტშიც ყველაზე დიდი ფრაქცია (42 დეპუტატი) ეყოლება, თვალსაჩინოა კომუნისტების პოპულარობის კლება. 19-თვიან საარჩევნო ციკლში მათ 18 ადგილი დაკარგეს. დარჩენილ სამ პროდასავლურ პარტიას კი საერთო ჯამში 59 მანდატი ერგებათ. ეს მათ პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საშუალებას მისცემს, მაგრამ პრეზიდენტის შესარჩევად დემოკრატიულ ალიანსს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების სამი მეხუთედი, ანუ 61 ხმა დასჭირდება.
28 ნოემბრის არჩევნების შემდეგაც მოლდოვა უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მსგავს სიტუაციაშია. წინა ორმა პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია. ახლაც, რადგან არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ფლობს 61 მანდატს, აუცილებელია მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა. 
 
ამ არჩევნებისთვის დემოკრატიულმა პარტიებმა ინდივიდუალური საარჩევნო კამპანიები აწარმოეს. მიუხედავად ამისა, მათმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსის დაშლას არ აპირებენ. პრემიერმა ფილატმა, რომელიც ახალარჩეულ პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციას (32 დეპუტატი) ჩაუდგება სათავეში, უკვე შესთავაზა თანამშრომლობა და მომავალი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა მარიან ლუპუსა და მიჰაი გიმპუს. 
 
თავის მხრივ, კომუნისტური პარტიის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა მარიან ლუპუსთან და ვლად ფილატთან ერთად მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების სურვილი გაახმაურა. თუმცა ვორონინმა გამორიცხა პოტენციური პარტნიორობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ მიჰაი გიმპუსა და მის ლიბერალურ  პარტიასთან.
 
პრემიერმა ფილატმა უკვე ნათლად მიანიშნა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია კომუნისტებთან რაიმე სახის კოალიციას გამორიცხავს. თავადაც ყოფილმა კომუნისტმა მარიან ლუპუმ კი ვორონინთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა განაცხადა. ამით დემოკრატიულ პარტიას საშუალება ეძლევა ქვეყნის მომავალი მმართველობის მოდელში მის როლთან დაკავშირებით ეფექტიანად ივაჭროს. ოპორტუნისტმა ლუპუმ საჯაროდაც გამოაცხადა საკუთარი მისწრაფება. მას მოლდოვიას პრეზიდენტობა სურს. მიუხედავად ამისა, ლუპუს დემოკრატიულ პარტიას მხოლოდ 15 ადგილი ექნება მომავალ პარლამენტში. ასე რომ, დემოკრატები და კომუნისტები ერთად მხოლოდ 57 ხმას დააგროვებენ. პრეზიდენტის ასარჩევად კი მათ მიჰაი გიმპუსა და ლიბერალების მხარდაჭერა დასჭირდებათ.

კომენტარები