მკვლელობა დაბადების დღეზე

1899 წლის 29 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა დაიბადა.

ზუსტად 111 წლის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე, საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ მოკლა საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი. ეს იყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. 
 
დიდხანს ფართხალებდა საწყალი, უკადრებელიც ბევრი იკადრა, დაბოღმილი ბეღურასავით გაფუებულმა ჟოზემაც თავი ჩაქინდრა, ვინმე კრიშტიანუ რონალდუმ გვარდიოლას ხელი კრა, სერხიო რამოსმა მესის კინაღამ ფეხი მოტეხა და თავის მეგობარ პუიოლს ხელი გაარტყა... 29 ნოემბერს, ბარსელონას დაბადების დღეზე ჩასული „სამეფო” კლუბის ძალიან ვარსკვლავები გაღმელებივით იქცეოდნენ. მადრიდმა თავი მოიჭრა!
 
ბარსელონამ კი ზედიზედ მეხუთე კლასიკო მოიგო, ამ ხუთ კლასიკოში 16 გოლი გაიტანა და ორი გაუშვა, ისიც სანტიაგო ბერნაბეუზე 6:2 მოგებულ თამაშში. მაგრამ ვითომ ღირს სტატისტიკაზე, ქულებზე, ისტორიაზე, საერთოდ რაიმე ამქვეყნიურზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბარსელონა მოედანზე გადის? ამას ვითომ ფეხბურთი ჰქვია? ან სპორტი? ან ბიზნესი? იქნებ ეს ხელოვნებაა, დიდი ხელოვნება, რომელიც მიქელანჯელოს და მოცარტის სიმაღლეს ეთამაშება. მე არ მესმის, რაში სჭირდებათ ბარსელონელებს კინო, თეატრი, მუზეუმი, არქიტექტურა, როცა ყოველ შაბათ-კვირას ამ ყველაფრის ბუკეტს გასაოცარ კამპ ნოუზე ნახულობენ.
 
ხოსეპ გვარდიოლამ ეს სპექტაკლი კარლეს რექსაჩს და იოჰან კრუიფს მიუძღვნა, ამ ფორმაციის ბარსას ორ შემოქმედს. გამთამაშებლად დაქაჩული ლეო მესი ზიდანივით არიგებდა პასებს, ხავინიესტას თანამშრომლობა კვლავ მიუწვდომელი დარჩა ცივილიზაციისთვის, დავიდ ვილია უმოწყალობის განსახიერება იყო, პუიოლის თმები კვლავ ძალიან კატალონიურად ფრიალებდა, მეორე გოლი ამ ხალხმა 21 პასის შემდეგ შეაგდო, მეორე ტაიმში ბურთი საერთოდ გაქრა და ამ დროს ტრანსპარანტიც გამოჩნდა: მოურინიო, შენ აქ ყოველთვის თარჯიმნად დარჩები!  
 
ვითომ მოურინიოს ბრალი იყო ის, რაც მოხდა? არც უამისობაა, მაგრამ ეს კაცი უფრო რეალის ფილოსოფიას შეეწირა. მან ვერ გაბედა თერთმეტი კაცით კარში ჩადგომა, როგორც ინტერში იცოდა. რეალი ინტერი არაა. რეალმა უნდა შეუტიოს. მაგრამ ღმერთებს ვერ შეუტევ, დაგსჯიან. ეს კი ჩიხია: შეუტევ – დასაცინი გახდები, არ შეუტევ და მადრიდში კვერცხებს გესვრიან. ჟოზეს მოუწევს ამაზე დაფიქრება.
 
მე კი ყველას გილოცავთ იმას, რომ ეს ბარსელონა ჩვენს პრალელურად ქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, გიყვართ ფეხბურთი თუ არა და თუ გიყვართ, გულშემატკივრობთ თუ არა ბარსელონას. 
 
გავა დრო, და ეს საოცრება ისტორიის ზუსტად იმ თაროზე შემოიდება, რომელიც ყველაზე მაღლაა და რომელზეც ძალიან ცოტა რამ აწყვია. 

კომენტარები