ლონდონელებს რომ უცნაურად ჩაცმა უყვართ და ამ ქალაქის ქუჩის მოდა განსაკუთრებული ფენომენია – ეს ცნობილი ფაქტია. აქ შესაძლოა ადამიანმა ერთდროულად ჩაიცვას დიორის პიჯაკი, ადიდასის სპორტული ფეხსაცმელი, ვინტაჟის კაბა და მასთან ერთად, მაგალითად, გაურკვეველი წარმომავლობის ყვავილებიანი შარვალი – სტილების ასეთი აღრევით ლონდონელები ეტყობა ბრენდების ერთგვარ დიქტატურას უპირისპირდებიან და პიროვნულ თავისუფლებას ეძებენ.
„ჰო, უცნაურად ჩაცმულები დადიან. ლონდონის ქუჩებში ყოველთვის ექსტრავაგანტული მასაა, ოღონდ აკადემიურად ექსტრავაგანტული”, – ამბობს ანკა კალატოზიშვილი და თან ლონდონში გაგზავნილი თავისი ჩოხის შესახებ ყვება. ის, რაც ექსკლუზიურად ტაბულას ფოტოობიექტივში მოხვდა, ტრადიციული ჩოხა ნამდვილად არ არის. ეს ქალის პალტოა – ლონდონის ქუჩებისთვის გამორჩეულად უცნაური და იქაური ცივი და ნესტიანი შემოდგომისთვის შესაბამისად თბილი შალის ქსოვილისგან შეკერილი.
მისი მფლობელი ცნობილი ლონდონელი მოდის ფოტოგრაფი Zanna აღმოჩნდა. 4 ნოემბერს ის დამთვალიერებლის წინაშე გრანდიოზული პერსონალური გამოფენით წარდგა, რომლის სახელწოდებაც Zanna & Jhon Galliano გახლდათ. გამოფენა Wapping Project Bankside-ში გაიხსნა. ეს ცნობილი საგამოფენო სივრცეა ლონდონის უძველეს უბანში. ის, როგორც კონცეპტუალური ფოტოგრაფიის, ფილმებისა და ვიდეო-არტების გალერეა, 10 წლის წინ ვიქტორიანული ეპოქის ერთ მიტოვებულ ელექტროსადგურში გაიხსნა. Zanna-მ სწორედ აქ გამოფინა გალიანოს 40-მდე იმიჯი, რომლებიც ფოტოგრაფმა დიზაინერთან ხუთი წლის მანძილზე მუშაობის პერიოდში შექმნა.
„ჩოხის შეკერვა ჩვენმა ერთმა საერთო მეგობარმა შემომთავაზა, რომელიც ლონდონიდან ჩამოვიდა. მაგრამ ჩოხა ჩოხაა და მასზე მუშაობისას ძალაუნებურად სტანდარტები უნდა დაიცვა. მე კი მისი მოდერნიზებული ვარიანტის შექმნა მაინტერესებდა. ეს პალტო უნდა ყოფილიყო და თან ქალის. დავიწყე ფიქრი და საბოლოოდ საკმაოდ მომგებიანი ვარიანტი გამოვიდა: ადაპტირებულია ქალის სილუეტთან, მასალა ნატურალურია – გამოვიყენე მაღალი ხარისხის შავი ფერის შალის ქსოვილი, ქილები ძველი ჭრელი ფარდაგისგან გავაკეთე (სხვათა შორის ეს ფარდაგი ფარაჯანოვის ნაჩუქარი იყო), ყაბალახის გამოყენება ცალკე აქსესუარადაც შეიძლება, ის უამრავი კომბინაციის საშუალებას იძლევა...” – ამბობს ანკა კალატოზიშვილი.
ლონდონური გამოფენის შემდეგ ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაღებებზე პარიზში გადაინაცვლა და როგორც შევიტყვეთ, მისი უცნაური „პალტო” დიდი მოწონებით სარგებლობს პარიზის სახელოვნებო წრეებში.
ანკა კალატოზიშვილისთვის კი უამრავი თეატრალური კოსტიუმის შემდეგ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში ეს ერთ-ერთი პირველი და საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია. რაც შეეხება მის ესკიზებს, თეატრალურ კოსტიუმებსა და ცნობილ აპლიკაციებს, მათი ნახვა გალერეა ვერნისაჟში შეგიძლიათ, სადაც მხატვრის პერსონალური გამოფენა ამ ორი დღის წინ გაიხსნა და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.





