საქართველოს მანანებო

საქართველოში მრავალ სხვა ინსტიტუტთან ერთად სუფრის ინსტიტუტიც გვაქვს, ამასთან ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული. მერე რა, რომ “სუფრა” არაბული სიტყვაა და გზაში წაღებულ საგზალს ნიშნავს, ან ქსოვილის ნაჭერს, რომელსაც ბედუინები მზის გულზე გავარვარებულ ქვიშაზე შლიდნენ, წაიხემსებდნენ, შემდეგ აქლემს აჰკიდებდნენ და გზას განაგრძობდნენ ხოლმე თვალუწვდენელ უდაბნოში. ქართული სუფრა სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც უნდა მიიპატიჟო, შემდეგ ასვა და აჭამო, სანამ ამ უკანასკნელს გადაადგილების და აზროვნების უნარი არ წაერთმევა და ყველაფერზე იქნება თანახმა, ოღონდ მეტი აღარაფერი შესთავაზონ საჭმლის და სასმელის სახით.

ამას წინათ ზურაბ ქარუმიძის ვიდეოაზრებს ვუსმენდი ინტერნეტში, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ დაატყვევეს გურულებმა შავ ზღვაში სამეკობრეოდ შემოხეტებული ბურგუნდიელი რაინდები, დიდი ხნის განმავლობაში ცივი ნიავი არ მიაკარეს, არაფერი მოაკლეს, ასვეს, აჭამეს და გალოთებულები გაუშვეს უკან შორეულ ბურგუნდიაში. ამ ისტორიის თხრობისას ჩანაწერის ავტორმა მე-15 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსის, ჟან დე ვოვრენის სამტომეული ნაშრომი მოიშველია, სადაც მართლაც დაცულია ეს ერთი მხრივ სახალისო და მეორე მხრივ ნიშანდობლივი ისტორია.
 
ბურგუნდიელ რაინდებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების დიდი პარტია მივიღეთ, ვინ იცის ისინიც ავიკლეთ პატიჟით, სმა-ჭამითა და სადღეგრძელოებით. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი. სამწუხაროდ არც ყივჩაღების და არც ბურგუნდიელი რაინდების უშუალო ჩანაწერები არ შემორჩა ისტორიას, განსხვავებით იმ “ნეითივსფიქერებისაგან”, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაპატიჟა საქართველოში ჩვენი ახალი თაობის ინგლისურ ენაში გასავარჯიშებლად. მასწავლებლობის გარდა ისინი სოციალმედიურად აქტიური ხალხი აღმოჩნდნენ და ინტერნეტში ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, რომლებიც უმალვე “ყივჩაღთა ბლოგებად” მოინათლა და აგერ უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ინტერნეტში არ ცხრება დისკუსიები მათ გარშემო.
 
როგორც მათი ბლოგებიდან ირკვევა, ისინი ოჯახებში გადაანაწილეს და თითო სტუმარს თითო მზრუნველი თვალი და ყური მიუჩინეს, როგორც ისინი უწოდებენ, ჰოსტ-დედის სახით, რომლებმაც უცხო სტუმრებს საუცხოო მასპინძლობა გაუწიეს და ამას კვლავაც ჩვეულ რიტმში აგრძელებენ, თუმცა ვაი რომ ზემოხსენებულმა ჰოსტ-დედებმა ინგლისური არ იციან და მათი ბლოგების წაკითხვა არ შეუძლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ თითოეული ჩვენი ამერიკელი, თუ ავსტრალიელი სტუმარი იმაზე წუხს თუ რამდენს აჭმევენ მათი ჰოსტ-დედები და რამდენს ასმევენ მათი ჰოსტ-მამები. ერთმა მათგანმა თავს დამტყდარი გასტრონომიული უბედურება განაზოგადა და ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოში ქალები მზარეულები არიან და კაცები კი – მსმელებიო.
 
ერთ ასეთ მასწავლებელ-ბლოგერს ორმაგად არ გაუმართლა. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ რუსული იცის და მეორედ კი იმიტომ, რომ სახლში ორი ჰოსტ-დედა დახვდა და ორივე სახელად მანანა. ჰოსტ-დედებმა ახალჩამოსული სტუმარი გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს და ტრაპეზობისას ავანჩავანის გამოკითხვა დაუწყეს (სხვა ჰოსტ-დედები ამ “ბედნიერებას” მოკლებულნი არიან, ვინაიდან, როგორც ირკვევა, მათ ინგლისური არ იციან). მანანებმა გამოარკვიეს, რომ ჩვენი სტუმარი უცოლო იყო და სანათესაოში და სამეზობლოში ახალგაზრდა გოგო არ დატოვეს, რომ მისთვის გარიგება არ ეცადათ. საბოლოოდ კი ჩვენს სტუმარს მოსწრებული ენა აღმოაჩნდა და საკუთარ ჰოსტ-დედებზე განაცხადა: I don’t know what it is with these Mananas but they’re driving me bananas! (მოკლე თარგმანი ასეთია: მანანებმა ჭკუიდან გადამიყვანესო). ჰოდა, არ გამიკვირდება სულ მოკლე ხანში ინგლისურ ენაში ახალი სიტყვა – Manana  – რომ დამკვიდრდეს ქართველი აბეზარი დიასახლისის აღსანიშნავად.
 
ძვ. ქართულში, აი იმ დროს, როცა ჩვენ ჯერ ყივჩაღები გვეწვივნენ და შემდეგ ბურგუნდიელი რაინდები, სიტყვა “პატიჟი” ტანჯვა-წამებას ნიშნავდა (სულხან-საბა დამემოწმება), “ვეფხისტყაოსანში” ტარიელი ავთანდილს გამიჯნურების ისტორიას რომ უყვება, ერთ ადგილას ამბობს: “შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად”-ო. როგორც ჩანს, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა, ე.წ. “პატიჟი” ჩვენი საიდუმლო იარაღი ყოფილა და არის უცხოებთან საურთიერთოდ: ყივჩაღები მოვინელეთ, ბურგუნდიელი რაინდები გავალოთეთ, ჰოდა ახლა “ნეითივსფიქერი” მასწავლებლების ჯერია! 

კომენტარები