სამეფო ნიშნობა

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდებიან. ეს დღე უკვე სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. საქორწინო ცერემონიალი ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, რომელსაც ათასწლიანი სამეფო ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ აქ პრინცის მშობლებმა, პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დიანამ, ასევე უილიამის ბებიამ, დედოფალმა ელიზაბეთ II-მ  და დიდმა ბებიამ იქორწინეს. ქორწილისათვის საჭირო თანხას ნეფე-პატარძლის ოჯახი გადაიხდის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯები კი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.     

სამეფო ნიშნობის ამბავი მასმედიისათვის გასულ კვირას გახდა ცნობილი.  პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ჟურნალისტებით გადაჭედილ დარბაზში გაბრწყინებული სახეებით გამოჩნდნენ. ქეითს უილიამის მკლავში ხელი ისე ჰქონდა გაყრილი, რომ მის თითზე მბრწყინავი ბეჭედი მაშინვე იქცევდა ყურადღებას. „სწორი დრო შევარჩიეთ. ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ”, – განაცხადა პრინცმა უილიამმა. ქეითს ხელი ოქტომბერში კენიაში დასვენების დროს სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას, ბეჭდით დანიშნა. 
 
ბეჭედი თვრამეტკარატიანი ლურჯი საფირონითა და ბრილიანტებით არის შემკობილი. უილიამის განცხადებით, საცოლისათვის მისი ჩუქებით დედის სიახლოვეს გრძნობს. დღესდღეობით, ეს ბეჭედი ყველაზე პოპულარული დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მომხმარებლები იუველირებს გამუდმებით სთხოვენ ამ სამკაულის ასლის დამზადებას. 
 
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის სასიყვარულო ისტორია შოტლანდიაში, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში დაიწყო და ცხრა წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო მედია წყვილს გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებოდა. სამეფო ოჯახი უილიამის პირად ცხოვრებაზე მედიასთან არ საუბრობდა. ჟურნალისტების ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ჭორები კი მრავლდებოდა. ტაბლოიდები ცხრა წლის განმავლობაში უცდიდნენ უილიამისა და ქეითის ნიშნობას. მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მედიამ რამდენჯერმე წყვილის ნიშნობის შესახებ ცრუ ინფორმაციაც კი გაავრცელა. ხოლო მოგვიანებით ნიშნობის საგა დაშორების ისტორიით ჩაანაცვლეს. 
 
პრინცი უილიამი, საკუთარი ტიტულიდან გამომდინარე, საზოგადოებისა და მედიის ინტერესის ობიექტი ყოველთვის იყო. ქეითის ოჯახის წარმომავლობითა და საქმიანობით კი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მიდლტონი პრინცის გვერდით შენიშნეს. მათი სიყვარულის ისტორია იმ ზღაპრებს ჰგავს, რომელსაც მშობლები პატარებს ღამღამობით უყვებიან ხოლმე. ამ ზღაპრის მთავარი გმირი ქეითია. მიდლტონების ოჯახი ხომ საშუალო სოციალური ფენიდან იყო. მისი დედა ბრიტანული ავიახაზების ბორტგამცილებელი იყო, ხოლო მამა – დისპეტჩერი. მოგვიანებით, ოჯახმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო (Party Pieces) – ონლაინ კომპანია, რომელიც ბავშვების სადღესასწაულო აქსესუარებს ყიდდა. პატარა ქეითი და მისი და-ძმა კი ამ პროდუქციას უკეთებდნენ რეკლამას. ბიზნესმა მიდლტონების ოჯახს წარმატება და დიდი შემოსავალი მოუტანა. სულ მალე ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა, ბავშვებს კი უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. 
 
როგორც ჩანს, ზღაპრებს პატარა ქეითსაც ხშირად უყვებოდნენ, რადგან ყველა გოგოს მსგავსად, ისიც თავის პრინცს ელოდა. როგორც მისი ერთ-ერთი კლასელი, ჯესიკა ჰეი გაზეთ Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, როდესაც გოგონები სკოლელ ბიჭებს აფასებდნენ, ქეითი ამბობდა, რომ არც ერთი მათგანი არ ჰგავდა პრინც უილიამს. ცხრამეტი წლის ასაკში ქეითმა სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მან თავისი კურსელი „უილიამ უელსი” გაიცნო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქეითი ოჯახის ახლობლებთან აქსესუარების ფირმაში მუშაობდა. The Daily Telegraph-მა იგი ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად დაასახელა („Most Promising Newcomer”).
 
ქეითი სულ მალე, რამდენიმე თვეში, პრინცესა იქნება, მომავალში კი შეიძლება, დედოფალიც გახდეს. Independent Communication and Marketing-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 64%-ს ურჩევნია, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალი მონარქი პრინც ჩარლზის ნაცვლად უილიამი გახდეს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხალხის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უილიამის მეფობა ჩარლზის კეთილ ნებაზე და დედოფლის თანხმობაზეა დამოკიდებული. 

კომენტარები