შუა საუკუნეები ახალი საგამოფენო კონცეფციით

დოქტორი ჰელენ ევანსი მეტროპოლიტენ მუზეუმის დირექტორთა საბჭოს წევრი და მუზეუმის კოლექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და საინტერესო კოლექციის – მერი და მაიკლ ჯაჰარისის სახელობის ბიზანტიური ხელოვნების გალერეების კურატორია. სწორედ ევანსმა „აღმოაჩენინა” საქართველო ნიუ იორკელ დამთვალიერებელს, მაშინ როდესაც ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმში, შუასაუკუნეების განყოფილებაში დაცული უნიკალური ექსპონატები ცნობილ მუზეუმ მეტროპოლიტენში გამოფინა. 

„ეს 1997 წელს იყო, როცა მეტროპოლიტენში  ჩემი ცნობილი გამოფენა „ბიზანტიის დიდება” მოვაწყვე. ჩემმა საგამოფენო კონცეფციამ სულ სხვა რაკურსით წარმოაჩინა ბიზანტიის ისტორია და კულტურა; დამთვალიერებელს აქცენტი იმპერიაში შემავალი ქვეყნების როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთებინა.  საქართველო, როგორც დასავლური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმ გამოფენაზე მილიონამდე ვიზიტორმა აღმოაჩინა”, – იხსენებს ქალბატონი ჰელენ ევანსი.
 
მეტროპოლიტენ მუზეუმში წარმოდგენილმა „ბიზანტიის დიდებამ” და მოგვიანებით, 2004 წელს ისევ ჰელენ ევანსის კურატორობით ჩატარებულმა მასშტაბურმა გამოფენამ „ბიზანტია: რწმენა და ძალაუფლება” დიდი რეზონანსი გამოიწვია. New York Times-მა ორივე გამოფენა წლის მოვლენად აღიარა, ხოლო Apollo Magazine-მა „ბიზანტიის დიდება” წლის კულტურული მოვლენების  ტოპ-ხუთეულში შეიყვანა. „ბიზანტია: რწმენა და ძალაუფლების” კატალოგი კი ალფრედ ბარის და ჯორჯ ვიტერბორნის პრიზებით დაჯილდოვდა.  
 
„თბილისში  პირველად 80-იანებში ჩამოვედი. მაშინ ამდენ უცხოელს აქ ნამდვილად ვერ შეხვდებოდით, ცოტა თუ იცნობდა პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ პატარა და საინტერესო ქვეყანას. მახსოვს ძალიან გამიხარდა, როცა თბილისის ქუჩებში ამერიკის ჯორჯიის შტატიდან გაცვლითი ვიზიტით მყოფ რამდენიმე სტუმარს შევხვდი. აი, მუზეუმის საცავებში კი უნიკალური კოლექციები ვნახე შუასაუკუნეების სამყაროდან და ძალიან მომინდა, რომ ეს უძველესი ქვეყანა მსოფლიოს გაეცნო. მოგვიანებით, როცა „ბიზანტიის დიდებაზე” ვმუშაობდი, 90-იანებში კვლავ ჩამოვედი თბილისში და გამოფენისთვის მეტროპოლიტენ მუზეუმში რამდენიმე მეტად შთამბეჭდავი ნივთი წავიღე. სწორედ ამ რამდენიმე უნიკალური ნივთის სწორად ექსპონირებით, საინტერესოდ გაკეთებული წარწერებით, რუკაზე საქართველოს მდებარეობის მითითებით და კიდევ სხვა კომპონენტებით, საქართველოსა და შუა საუკუნეების სამყაროში მის როლზე უამრავმა დამთვალიერებელმა  შეიტყო”, – ამბობს ჰელენ ევანსი.
 
2011 წლისთვის დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა. კონცეფციის შექმნისა და ექსპოზიციის მოწყობისთვის საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და დოქტორ ჰელენ ევანსს მიმართა. გამოფენების ცნობილი ექსპოზიციონერი და მეცნიერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მეტროპოლიტენ მუზეუმის მთავარ დიზაინერთან – დანიელ ქერშაუსა და ცნობილ რესტავრატორთან – ჟაკ სულთანიანთან ერთად ესტუმრა. დანიელ ქერშაუ კონსულტაციას უწევს ლოს-ანჯელესის პოლ გეტის, სალვადორ დალისა და სხვა წამყვან მუზეუმებს, ონასისის ფონდს ნიუ იორკში... ნიუ იორკის მეტროპოლიტენში კი მას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენების („პერგამონის ფრიზი”, „რენესანსული პერიოდის გობელენი”, „აფრიკული ხელოვნების გენეზისი”, „ფრანცისკო გოია”, „პუსენიდან მატისამდე”, „ედგარ დეგა”, „სეზანიდან ვან-გოგამდე” და. ა. შ.) დიზაინი აქვს გაკეთებული. რაც მთავარია სწორედ დანიელ ქერშაუს მიერაა განხორციელებული მეტროპოლიტენ მუზეუმის შუა საუკუნეებისა და ბიზანტიური გალერეების რეინსტალაცია. 
 
ჟაკ სულთანიანი კი მიწვეულია, როგორც ნიუ იორკის ფრიკის კოლექციის, ლოს-ანჯელესის პოლ გეტის მუზეუმის, ჰიუსტონის მენილის კოლექციების, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეის, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმისა და სხვა წამყვანი მუზეუმების კონსულტანტი კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში. აღსანიშნავია, რომ ლუვრში ჩატარებული სამუშაოების გამო, მას საფრანგეთის მთავრობამ “Chevalier dans l’Ordre des Arts et des Lettres” საპატიო წოდება მიანიჭა.
 
„ექსპოზიცია საუკეთესოა მაშინ, როცა დიზაინი უკანა პლანზე გადადის და მნახველს საშუალებას აძლევს ყურადღება გამოფენილ ობიექტებზე გადაიტანოს”, – გვიხსნის  დანიელ ქერშაუ.
 
„შუა საუკუნეების გალერეების ექსპოზიცია ერთდროულად ქართველ და უცხოელ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ ამ ნივთებითა და საინტერესო კონცეფციით საქართველო მსოფლიო ისტორიის კონტექსტში საკმაოდ ეფექტურად ჩაჯდება”, – ამბობს ჰელენ ევანსი. 
 
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ეს თანამშრომლობა UNESCO-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები