Wikileaks: ტეფტი და ვერშბოუ რუსეთ-საქართველოს ომზე, მისტრალსა და ნატოს გაფართოებაზე

გუშინ სკანდალურმა ვებსაიტმა Wikileaks-მა აშშ-ის დიპლომატიური სამსახურების ათასობით კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური აქტივობების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია ირანთან, საუდის არაბეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, პაკისტანთან და სხვებთან. Wikileaks-ის მასალებს შორის არის აშშ-ის საელჩოს მიმოწერა აგვისტოს ომის შესახებ. ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივნის, გეითსისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მორინის ამა წლის 8 თებერვლის შეხვედრის დეტალები, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გაირჩა - მათ შორის რუსებისთვის მისტრალის შესაძლო მიყიდვა.

ომის შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის მაშინდელი ელჩის საქართველოში ჯონ ტეფტის მიერაა გასაიდუმლოებული, ვკითხულობთ: "ყველა მტკიცებულება, რომელიც ქვეყანაში მომუშავე გუნდისთვისაა ხელმისაწვდომი, განამტკიცებს სააკაშვილის განცხადებას, რომ ომი არ ყოფილა საქართველოს თავდაპირველი განზრახვა. მთავარი ოფიციალური პირები, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაზე, შვებულებაში იყვნენ. ქართველებმა მობილიზება მხოლოდ 7-ში დაიწყეს, როდესაც უკვე მიმდინარეობდა შეტევა. გუშინ 22.30 საათისთვის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები კვლავ იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იმუშავებდა. ცხინვალის აღების ოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს ქართულ სოფლებში."

ამავე დოკუმენტის თანახმად, ინტენსიური ბრძოლა სამხრეთ ოსეთში 6 აგვისტოს საღამოს დაიწყო და გაგრძელდა 7 აგვისტოს დღის საათებამდე. "ჩვენთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებების თანახმად, ჩანს, რომ სამხრეთ ოსეთმა წამოიწყო დღევანდელი ბრძოლა. ქართველები ახლა რეაგირებენ მეტი ძალების გაწვევით და აფასებენ შემდგომ ნაბიჯს" — ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება გეითსისა და მორინის შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ცდილობს დაარწმუნოს ფრანგული მხარე, რომ გადაიფიქრონ, რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვა. მისი თქმით, რადგან რუსეთი სარკოზის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებდა, მისტრალის მიყიდვა არასწორი გზავნილი იქნებოდა რუსეთისთვის და მათი პარტნიორებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია გაქრა და მთავრობა არის უსართხოების სამსახურების მიერ მართული ოლიგარქია.

მორინი მტკიცეა თავის პოზიციაში. ის სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ეთქვათ რუსეთისთვის, რომ სურთ მასთან პარტნიორობა და, ამავე დროს, მას არ ენდობიან. ის ასევე აცხადებს, რომ  ეს გემი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ბევრს არაფერს შემატებდა.

აქ ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება. მორინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში მიღება მეხუთე მუხლს საერთო თავდაცვის შესახებ დაასუსტებდა. საპასუხოდ, გეითსმა აღნიშნა, რომ სჯობდა ნატოს თავისი ძალისხმევი ფოკუსირება ევროატლანტიკურ სივრცეში მოეხდინა და შესაძლოა, გაფართოებულიყო ხმეთაშუაზღვისპირეთში.

ეს ინფორმაცია ალექსანდრ ვერშბოუს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ასისტენტის, მიერაა გასაიდუმლოებული.

კომენტარები