ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს

ცივი ომის დასრულების შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ საყოველთაო მიმზიდველობა დაკარგა. მას ისეთივე ცუდი თვისებები მიეწერა, როგორც კომუნიზმს. კომუნიზმის მსგავსად, ეს იყო მემარცხენე იდეოლოგია – თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგე, ყავლგასული, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენს თავისუფლებებს. მაგრამ კომუნიზმისა და სოციალ-დემოკრატიის დაწყვილება ისევე არასწორია, როგორც ლიბერალიზმის გაიგივება ფაშიზმთან. ნეოლიბერალი პოლიტიკოსები საქართველოში ამ ასოციაციას იყენებენ ეკონომიკაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩარევის ნებისმიერი ისეთი მცდელობის დასაგმობად, რომელიც დაქირავებულთა უფლებების ან გარემოს დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა, ამ თემით მანიპულირება აქ არ მთავრდება, იგი უფრო შორს, ქვეყნის წარსულში მიდის. ერიკ ჰობსბაუმს ნათქვამი აქვს, რომ ისტორიის „არჩევას, დაწერას, აღწერას, პოპულარიზებას და ინსტიტუციონალიზებას ისინი აკეთებენ, ვისი ფუნქციაც ამის კეთებაა”. საბჭოთა საქართველოში, ისტორიის შექმნა პარტიისა და მორჩილი ინტელიგენციის ფუნქცია იყო, რომლებიც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი პროგრესული აქტი იყო და რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ასახავდა. ასეთი ისტორიული შეფასება საბჭოთა იდეოლოგიის ნაკარნახევი იყო. საქართველოში დღეს წარსულის ასეთივე იდეოლოგიზებული ხედვაა. თუ ნეოლიბერალიზმი კარგია, მაშინ ყველაფერი, რაც წარსულში მარცხნივ იხრებოდა – სოციალ-დემოკრატიიდან დაწყებული კომუნიზმით დამთავრებული – ცუდი უნდა იყოს. ამაში, რასაკვირველია, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც შედის.

ხშირად არასწორად მენშევიკურად წოდებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დღეს ან იგნორირებულია (შეგნებულად დავიწყებული ისტორია), ან დაგმობილია, როგორც მარქსისტული სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა. ითვლება, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები უკიდურესი მემარცხენეები იყვნენ, რის გამოც პატრიოტები ვერ იქნებოდნენ; მათი ერთგულება სოციალისტური იდეებისადმი კი მიჩნეულია ანტიეროვნულად და ანტირაციონალურად. ამბობენ, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკამ ხელი შეუშალა ძლიერი ერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ბოლშევიკური რუსეთისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას. ამ მიდგომის ნათელი მაგალითია „ქართულ ჟურნალში” (2010 წლის 7-13 ოქტომბერი, გვ.15) გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ღალატი იყო. სტატიაში ნოე ჟორდანია დახასიათებულია უიმედოდ გულუბრყვილო, სუსტ ადამიანად, რომელიც პასუხისმგებელია პირველი რესპუბლიკის მარცხზე. ნათქვამია, რომ მან „საქართველო სოციალიზმისა და კომუნიზმის თავშესაფრად აქცია” და „აიძულა ფრანგი და ინგლისელი სამხედრო შენაერთები და ფლოტი, საქართველო დაეტოვებინათ”. ასევე წერია, რომ 1920 წლის გაზაფხულზე, ხელშეკრულების ხელმოწერის ნაცვლად, საქართველოს არმიას სამხრეთ კავკასია უნდა გაეთავისუფლებინა რუსული სამხედრო შენაერთებისაგან.
 
ეს განცხადებები ფანტასტიკის სფეროდანაა. 1920 წლის მაისის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბოლშევიკების მდგომარეობა, მიუხედავად კომუნისტური პარტიის ლეგალიზებისა, გაუარესდა. ეს შედეგი იყო როგორც საქართველოს მთავრობის რეპრესიებისა, ასევე ადგილობრივი ბოლშევიკების დემორალიზებისა იმის გამო, რაც მათ საქართველოს მთავრობის წინაშე კაპიტულაციად მიიჩნიეს. ჯერ ერთი, საქართველო არ იყო ბოლშევიკების „თავშესაფარი” (გაუგებარია, ვინ იგულისხმება „სოციალისტად”). მეორე, ფრანგებსა და ინგლისელებს ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების მაისის ქმედებების გამო არ დაუტოვებიათ; მათ მანამდე გამოაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ საქართველო და მანდატი იტალიელებისათვის გადაებარებინათ, რასაც საქართველოს მთავრობაც უჭერდა მხარს. მესამე, მიუხედავად იმ დროს ბოლშევიკთა დანაკარგებისა უკრაინაში, საქართველოს არმიას და ეროვნულ გვარდიას არ ჰქონდა საკმარისი რესურსები, ესარგებლათ ბოლშევიკების სისუსტით და კავკასიიდან გაეძევებინათ რუსული სამხედრო ძალები. ასეთი ომი დაასუსტებდა ისედაც ფინანსურად გაკოტრებულ სახელმწიფოს და უმცირესობებს შორის ეთნიკურ შუღლს გააღვივებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 1920 წელს ჟორდანიას მშვიდობა ესაჭიროებოდა, მშვიდობა ესაჭიროებოდა ქართველ ხალხსაც. 
 
„ქართულ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში გრიგოლ უროტაძე, რომელიც რუსეთთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დახასიათებულია სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოუცდელ წევრად, რომელიც არ იყო „პოლიტიკური ფიგურა”. ეს დახასიათება არასწორია – 1904-1905 წლებში გურიის აჯანყებაში მისი წამყვანი როლის შემდეგ, უროტაძე პარტიის გამოცდილი და აქტიური წარმომადგენელი იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში. რუსეთთან ხელშეკრულება, რომლის მოლაპარაკებასაც იგი უძღვებოდა, არ იყო სრულყოფილი, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილიც კი დაეთანხმებოდა იმ აზრს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად. ეს ხელშეკრულება ნოე ჟორდანიას მემარცხენე სიმპათიების კი არა, მისი ზომიერი პრაგმატიზმის ამსახველია. 
 
საბჭოთა მემკვიდრეობას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს. თუმცა, საკმარისი დროა უკვე გასული (20 წელი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ემოციებისა და ყველაფერი მემარცხენისადმი უარყოფითი განწყობის გარეშე რომ შეფასდეს. პირველი რესპუბლიკის ნებისმიერი სამართლიანი ანალიზი დაგვანახებდა იმ უკიდურეს სირთულეებს, რომელთა წინაშეც ნოე ჟორდანიას მთავრობა იდგა – კომპრომისი როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში გარდაუვალი იყო ისეთი პატარა და სუსტი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. 1928-1921 წლების ქართული სოციალ-დემოკრატიის სათანადო და თავშეკავებული კვლევა დაგვანახებდა, რომ ისინი არავისზე ნაკლები პატრიოტები არ იყვნენ; ბევრმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ქართული სოციალ-დემოკრატია არ იყო არაპატრიოტული და როგორც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ბოლშევიზმთან მათი ბრძოლით დაამტკიცეს, მათ კომუნიზმთან არაფერი ჰქონდათ საერთო.
 
1888 წელს ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”. საქართველოს მდიდარი, მრავალფეროვანი ისტორია აქვს და პოლიტიკურ ელიტებს შორის ნეოლიბერალიზმის სისწორეზე ამჟამად არსებულმა კონსენსუსმა არ უნდა დაჩრდილოს ის კონსტრუქციული ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც სოციალ-დემოკრატების ისეთი ლიდერები ატარებდნენ, როგორებიც ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი იყვნენ. ისინი თანამედროვე ქართული ერისა და რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები” იყვნენ და იმსახურებენ, რომ სამშობლოს პატრიოტ ქართველებად ახსოვდეს. 

კომენტარები