არარსებული მოდის გაორებული კვირეული

ალბათ ყველას გვახსოვს – ერთი თვის წინ საქართველოს მოდის კვირეული გაიმართა. 20 ნოემბერს კი თბილისის მოდის კვირეული დაიწყო. თანამედროვე ქართულ მასკულტურაში ხშირად შეხვდებით მოვლენების, ან როგორც ახლა ამბობენ – „პროექტების” დუბლირებას. ერთსა და იმავეს თვიდან თვემდე გვთავაზობენ. ამის მაგალითები მრავლადაა: ფოლკლორული  თემატიკით გამსჭვალული მინი და მეგა ფესტივალები, ფოტოგამოფენები სევდიანი ბავშვების და გაპარტახებული სივრცეების ამსახველი იდენტური ექსპოზიციებით და რა თქმა უნდა, ლოკალური სატელევიზიო არხების დილის, დღის და საღამოს გადაცემები, რომელთა განსხვავება მხოლოდ იმით შეიძლება, რომელია უფრო მდარე და უფრო პრიმიტიული. 

ამ ორეულებში ყველაზე სიურრეალისტური მაინც მოდის ორი კვირეულია. მოდის კვირეული პირველად 1943 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა. ოკუპირებულ პარიზში ვეღარ მოგზაურობდნენ ლუქსტანისამოსის მოყვარულები, ამერიკელ მოდელიორებს კი პოპულარობა აკლდათ და სწორედ ამერიკელი დიზაინერების ნდობის მოსაპოვებლად მოეწყო მსოფლიოში პირველი მოდის კვირეულიც. შემდეგ კი ტანისამოსის ინდუსტრიის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კვირეული ბუნებრივი და ტრადიციული ამბავი გახდა, დაიხვეწა სისტემა, რომლის მიხედვითაც დიზაინერები დროის გარკვეულ პერიოდში აჩვენებენ ახალ კოლექციას  და მომავალი სეზონისათვის შეკვეთებს იღებენ. მოდის ინდუსტრიისათვის მთავარი მოთამაშე  მთელ მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ქალაქია (ნიუ იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი). ისინი ერთიმეორის მიყოლებით მართავენ ერთ
მოდის კვირეულს, რომელიც სანახაობასთან ერთად, სერიოზული კომერციული და შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდია.
 
თბილისში მხოლოდ ორი მაღაზიაა, რომელშიც მეტ-ნაკლებად ხარისხიანი, ძირითადად გასული სეზონების იტალიური ქსოვილების მწირი არჩევანია. ორად-ორი მოდელიორია,  რომელსაც საკუთარი სახელობის მაღაზია აქვს, სადაც ტანისამოსი მართლა იყიდება და 37-მდე  შპს ან კერვით დაინტერესებული ინდმეწარმე, რომელიც სამკერვალო მანუფაქტურას ფლობს, მაგრამ სერიულ ტანსაცმელს ვერ აწარმოებს, რადგან ბაზარი უბრალოდ არ არსებობს. ბაზრის სიმცირე ფასებზეც აისახება, რადგან მცირე რაოდენობით წარმოებული ტანისამოსი ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება. 
 
ამ პრეისტორიული მდგომარეობის ფონზე, გვჭირდება კი ორი მოდის კვირეული?! ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ისევ ადგილობრივი დიზაინერები არიან – ეფემერული წარმატების მოლოდინში ორ ცეცხლს შორის მოქცეულებს, ჯერჯერობით არც რეალური ასპარეზი და არც კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ
 

 

კომენტარები