პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამბავი ერთ წიგნად

ექვსი ქართველი ავტორი  შვიდი ნაწარმოებით  – „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია” გერმანელმა მკითხველმა უკვე გაიცნო: ლაშა ბუღაძე „ლიტერატურული ექსპრესით”, ბასა ჯანიკაშვილი „აბსურდისტანით”, დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობით”, ბესო ხვედელიძე „თაგვის გემოთი”, აკა მორჩილაძე „ტერცო მონდოთი”, ზაზა ბურჭულაძე  „passive attack-ითა” და „ადიბასით”. სწორედ ამ ნაწარმოებების ნაწყვეტებით დაკომპლექტდა გერმანულ ენაზე გამოსული ანთოლოგია, რომლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. 

საქართველოს კულტურის სამინისტროს, მთარგმნელობითი პროექტის „წიგნისა და ლიტერატურის განვითარების” ფარგლებში გამოცემული ანთოლოგია კი ქართველი მკითხველის წინაშე 12 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში წარადგინეს. შეკრებილი აუდიტორია ყურადღებით უსმენდა ავტორებს, რომლებიც საკუთარი  ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ, მწერლებს პერიოდულად მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ცვლიდა. სპეციალურად გერმანელი სტუმრებისთვის, წაკითხული ტექსტები გერმანულ ენაზე ნათარგმნი, ეკრანზე პროექტორით გადიოდა. პარალელურად, დარბაზში პერფორმანსისთვის თემატურად შერჩეული ჯაზის კომპოზიციები ისმოდა, რაც მსმენელს ისტორიაში დაბრუნების ილუზიას უქმნიდა. მოკლედ, ლიტერატურულ- მუსიკალურმა პერფორმანსმა, შეკრებილი საზოგადოება პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაისროლა... აქ წარმოდგენილი ნაწყვეტები ხომ სწორედ ამ პერიოდის საქართველოში მცხოვრები ადამიანების თავგადასავალს მოგვითხრობდა – „ქართული რომანებიდან ამოღებული ფრაგმენტები, პირდაპირი მნიშვნელობით ისტორიას არ ასახავს, მაგრამ ლიტერატურის თვისებაა ჰქონდეს სოციალური ფუნქცია, რის მეშვეობითაც სწორედ ტექსტები ასახავენ დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პოსტსაბჭოურ პერიოდს. წიგნი გაერთიანდა ასეთი ტიპის  ფრაგმენტებით და საერთო ჯამში გამოვიდა ერთი –პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანების  ამბავი”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.
კულტურის სამინისტროს ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ენებზე თარგმნას და ამ გზით მის ინტეგრაციას მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში. „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია” ამის ნათელი დადასტურებაა. 
ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი დასრულდა. დასრულდა იმ იმედით, რომ ეს პატარა ნაბიჯი ქართულ თანამედროვე ლიტერატურას სასიკეთოდ წაადგება,  ქართველ მწერლებს კი მიეცემათ საშუალება, მათი ნაწარმოებები გასცდეს საქართველოს საზღვრებს და უცხოელი მკითხველიც შეიძინოს.

კომენტარები