კემერონი: დროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

 “პრეზიდენტმა ობამამ და მეც წამოვწიეთ საქართველოს საკითხი. კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, დროა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან “,— განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გუშინ ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე  ლისაბონის სამიტის შესახებ ანგარიშით გამოსვლისას.  

კემერონმა საქართველო მაშინ ახსენა, როდესაც ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაზე საუბრობდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები სწორედ საქართველოდან ჯარის გაყვანას უკავშირდება. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ და სხვა დაბრკოლებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთთან თანამშრომლობას იმ საკითხებში, სადაც საერთო ინტერესები არსებობს.

საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიცია არც ლეიბორისტული ოპოზიციის ლიდერ ედ მილიბენდს დაუფიქსირებია. გუშინდელი მოსმენების დროს მან განაცხადა: ”პრემიერ-მინისტრი აშკარად მართალია იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ, ამავე დროს, გავაგრძელოთ იმ საკითხების წამოწევა, რომელიც შეშფოთებას იწვევს და რომლებიც კემერონმა ახსენა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით”.

კომენტარები