Doing Business

 2010 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევაში – Doing Business – მეთერთმეტე ადგილზე იყო. 2011 წლის ანგარიშში კი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო მეთორმეტე ადგილზეა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, ქვეყანამ ნაბიჯით უკან დაიხია. თუმცა ეს რომ ასე არ არის, თვითონ მსოფლიო ბანკი ამბობს. მაშინ რა ხდება?

 მსოფლიო ბანკმა მეთოდოლოგია შეცვალა და ინდექსის გამოთვლიდან დასაქმების ინდიკატორი ამოიღო. დასაქმების სიადვილის მხრივ, საქართველო მსოფლიო ათეულში შედიოდა. 2010 წლის ანგარიშში საქართველოს შედეგების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ, ქვეყანა მეცამეტე ადგილზე აღმოჩნდა. შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვითაც, საქართველო ბიზნესის გარემოს აუმჯობესებს. Doing Business-ის მიერ, 5 წლის მანძილზე 174 ქვეყნის ბიზნესრეგულაციების ცვლილების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ სახელმწიფოების 85%-ში ადგილობრივი ფირმებისთვის ბიზნესის წარმოება საგრძნობლად გამარტივდა. ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების ათეულში, საქართველო პირველ ადგილზეა.
 
ბანკისგან, რომელიც უკვე 6 წელია ბიზნესის დერეგულაციის ხარისხს ზომავს, მთავრობის ბიზნესში ჩარევის უეცარი გამართლება ბევრისთვის საეჭვო აღმოჩნდა. მოულოდნელი მეტამორფოზის მიზეზი წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის ბარნი ფრენკის ზეწოლა იყო. 
ფრენკი, ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე კონგრესმენი, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდის, მეტი რეგულირებისა და მაღალი გადასახადების მომხრეა და პროფკავშირების ინტერესებს ლობირებს. 
 
ფრენკის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც მსოფლიო ბანკის ჯგუფმა  3.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. კანონმდებლობით, მსოფლიო ბანკმა ეს ფული Doing Business-ის კვლევის საფუძვლიან რეფორმირებას შრომისა და გადასახადების ასპექტების მეტი რეგულირებით უნდა მოახმაროს.
 
კონგრესის არჩევნებმა აჩვენა, რომ ამერიკაში მემარცხენე იდეოლოგია დამარცხდა. დემოკრატებმა არჩევნები წააგეს. ბარნი ფრენკს კომიტეტის თავმჯდომარედ, დიდი ალბათობით, რომელიმე კონსერვატორი შეცვლის. 

კომენტარები