19-წლამდელ მორაგბეთა ევროტრიუმფი

 საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული: ბელგიაში გამართული ევროპირველობის ფინალში ქართველმა ჭაბუკებმა 38:7 სძლიეს რუს თანატოლებს!

მთავარი პრიზისთვის ბრძოლა პაატა ნარიმანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალიდან დაიწყო: პორტუგალიას 27:3 მოუგო, ნახევარფინალში კი ამ ასაკის რეიტინგის პირველი გუნდი, რუმინეთი 29:3 დაამარცხა.
 
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ზურაბ ჟვანია, კოტე მიქაუტაძე, მერაბ მატკავა, ზურაბ ერისთავი, ბექა ბიწაძე, ირაკლი ჩომახაშვილი, ვანო გაბროშვილი, რამაზ ჯინაშვილი, გიორგი ტყეშელიაძე, ლუკა კვარაცხელია, გიორგი ჭყოიძე, ბახვა კობახიძე, ლევან ჩილაჩავა, დავით ლოსაბერიძე, გიორგი ჟღენტი, უშანგი მჭედლიშვილი, ჯიმი ღამბაშიძე, გიგა თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ლევან გოგოლაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გოდერძი ჭინჭარაული, გიგა გაგოშვილი, გიორგი მარგიანი, გიორგი აბრამიძე და ტარიელ ჩხიკვაძე. გაისად ეს გუნდი მსოფლიო თასზე იასპარეზებს, თუმცა უკვე 20-წლამდელთა შორის.
 
გიორგი ტყეშელიაძე იმ გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილეა. მას რედაქციაში შევხვდით.
 
 ევროპის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეთ, არადა, მეტოქეები სუსტები ნამდვილად არ იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რით იყო ასეთი წარმატება განპირობებული?
 
მთავარი, რაც ჩემპიონატზეც აღინიშნა, ჩინებული გუნდური თამაში იყო – ჩვენ ყველა რგოლში ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაცვის ხაზი კი ჟურნალისტებმა სულაც საუკეთესოდ აღიარეს. ჩვენი გუნდი რამდენიმე წელია ყალიბდება, უმეტესობა კი 17 წლიდან ერთად ვთამაშობთ. არც გამოცდილება გვაკლია. მაგალითად, გუნდში 9 მორაგბე იყო, რომელმაც შარშან ერთხელ უკვე ითამაშა ამ ტურნირის ფინალში – მაშინ ნაკრები იტალიასთან დამარცხდა... სათქმელია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ევროპირველობას ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, რაც მწვრთნელთა საბჭოს მიერ სწორად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპითაა განპირობებული – ერთი შეკრება ლაგოდეხში გავიარეთ, პირველობის წინა პერიოდი კი საფრანგეთში, ქალაქ მასიში გავატარეთ...
 
 ძალიან შთამბეჭდავი იყო ფინალში რუსეთთან გამარჯვება: პირველი ტაიმი 24:0 მოიგეთ...
 
ყველამ ზედმიწევნით კარგად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა – მწვრთნელთა დავალება ზუსტად შევასრულეთ. დაცვამ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა, ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და მეტოქემ ქულები მხოლოდ ბოლო წუთებზე დააგროვა, როცა შედარებით მოვადუნეთ ყურადღება... დიდი როლი ითამაშეს ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრებმა კოტე მიქაუტაძემ, ლევან ჩილაჩავამ და დავით ლოსაბერიძემ. კოტე და ლევანი შერკინების წევრები არიან, დავითი კი ხაზის მოთამაშეა – სამივე მათგანი საფრანგეთში თამაშობს...
 
გაისად თქვენი გუნდი მსოფლიო თასზე იასპარეზებს, თუმცა უკვე 20-წლამდელთა შორის. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების შანსებს?
 
მსოფლიო თასის გათამაშებას გაისად აპრილში აშშ უმასპინძლებს, იქ კი ტონგასთან, სამოასთან, იაპონიასთან და კიდევ რამდენიმე გუნდთან მოგვიწევს პაექრობა. არაა გამორიცხული, რუსეთს კიდევ ერთხელ შევხვდეთ... ცხადია, რთული დაპირისპირებები გველის: სავარაუდო მეტოქეების მატჩების ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან კარგი გუნდია – ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულნი, ბურთს კარგად ათამაშებენ, ძლიერი შერკინება ჰყავთ... მიუხედავად ამისა, ბელგიაში მოპოვებულმა წარმატებამ საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, ასე რომ, ამერიკაში კვლავ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
 
მსოფლიო თასამდე თითქმის ნახევარი წელია. როგორ მოემზადება გუნდი?
 
ახლა საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და რადგან ნაკრების წევრთა უმეტესობა თამაშობს, გუნდი ჯერჯერობით ვერ შეიკრიბება, თუმცა პირველობის დასრულების შემდეგ მცირე ხნით დავისვენებთ და მსოფლიო თასისთვის მზადებასაც დავიწყებთ. ჯერ პროგრამა გაწერილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, საქართველოში ორი, უცხოეთში კი ერთი შეკრება გვექნება. რამდენიმე ტესტიც იგეგმება, ასე რომ, ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ მზად ვიქნებით.
 
 

კომენტარები