წარმატებული ”ენვერი”

პოლიცია აკავებს პეტრე დავროშაძეს
პოლიცია აკავებს პეტრე დავროშაძეს
დეტალური ინფორმაცია საქართველოში ჯაშუშური ქსელის აღმოჩენისა და განეიტრალების შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძემ წარმოადგინა. გაირკვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი, მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა. შს პრესსამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილის ცნობით, თავიდან დაკავებული იყო 15 მოქალაქე, მაგრამ ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია 20 და 18 დაკავებულის შესახებ  შსს-მ არ დაადასტურა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშურ ქსელში ჩართული ადამიანების გამოსააშკარავებელ ოპერაციას    ”ენვერი” დაარქვეს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც მოიპოვა რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ დაიწყო მუშაობა. გრუში მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრა ხდებოდა. ჩანერგილმა აგენტმა ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ქსელის მუშაობის სპეციფიკის შესწავლა. უკვე დადგენილია, რომ გრუს ქსელი საქართველოში 2006 წლიდან მოქმდებდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას საქართველოს სამხედრო ძალებს ზიანი მიაყენა.

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებული არიან საქართველოს მოქალაქეები:

ბაკურ კიღურაძე, გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი, გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსი მფრინავი:

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი  გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების შესახებ.

გაბრიელ უსტალიშვილი გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების შესახებ.

დავით მესხიძე გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სწავლებებისა და ინსპექციების შესახებ.

გელა კაკაბაძე გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ.

ზურაბ დიასამიძე გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ოპერატიული მომზადების შესახებ.

ტარიელ აბაშიძე გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის სტრუქტურისა და თანამშრომლობის შესახებ.

ყველა მათგანს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით (ჯაშუშობა).

311-ე მუხლით, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის ბრალდებით, დაკავებულია რუსლან გალოგრე, ბიზნესმენი, რომელიც  გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე მეთვალყურეობდა. ედუარდ აბდულაევი, მეზღვაური, რადიოს სპეციალისტ,  გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობის, რადიოს სახმისების შესახებ -  ბრალად ედება ჯაშუშობა. ყველა ეს პირი საქართველოს მოქალაქეა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის ოთხი მოქალაქე:

არმენ გევორქიანი, კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი, გრუს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ.

რუბენ შიკოიანი, კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, გრუს გადასცემდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიებს შორის   საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაციას.

პეტრე დავროშაძე, ბიზნესმენი, გრუს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას, ბრალად ედება უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა.

იური სკრილრპნიკოვი, გრუ-ს მეკავშირე. ორგანიზებას უკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე გრუსთან ფარულ კავშირში მყოფ პირებთან შეხვედრებსა და საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარებითი ჩვენებები მისცეს პეტრე დევრიშაძემ და გაბრიელ უსტალიშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსეთის სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს განუცხადა, რომ ფაქტობრივ მტკიცებულებებს დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს "პოლიტიკურ ფარსზე" სახელწოდებით რუსი ჯაშუშების დაკავება.

 

 

კომენტარები