რუსეთი და საფრანგეთი გემთსაშენ კონსორციუმს ქმნიან

ორშაბათს, 1 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში რუსეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ სამხედრო და სამოქალაქო გემების ასაშენებლად კონსორციუმის შექმნაზე. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა United Shipbuilding Corp-ის დირექტორმა რომან ტროცენკომ მოაწერა, საფრანგეთს კი კომპანია DCNS-ის პრეზიდენტი პატრიკ ბუასიე წარმოადგენდა. რუსული კომპანიის სპიკერს, იგორ რიაბოვს არ დაუკონკრეტებია, ხელშეკრულებით რა ტიპის გემების აშენებას გეგმავენ. "შეთანხმება რამდენიმე სახეობის ხომალდის მშენებლობაში თანამშრომლობას ითვალისწინებს”, - მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა რიაბოვი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის სამხედრო ძალების თავდასხმით ხომალდებზე ტენდერის შედეგების გამოცხადებას ამ წლის ბოლოსთვის აპირებს. სავარაუდოდ, მას საფრანგეთი მოიგებს. რიაბოვის ცნობით, სწორედ ტენდერის შედეგებს ელოდება მისი კომპანიაც. ეს ხელფეხს გაუხსნით მოქმედებისთვის. ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ამავე დროს United Shipbuilding Corp-ის საბჭოს დირექტორი იგორ სეჩინიც ესწრებოდა. რუსული ახალი ამბების სააგენტოების ცნობით, მას კონსორციუმის შექმნა მხარეებს შორის სამხედრო და სამოქალაქო გემთმშენებლობაში მომავალი თანამშრომლობის საფუძვლად მიაჩნია.
მოსკოვმა ოფიციალური პარიზისგან უკვე შეიძინა ერთი მისტრალის კლასის გემი. მასზე თექვსმეტამდე შვეულმფრენისა და ათობით შეიარაღებული საფრენი აპარატის განლაგებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიწაზე ასობით სამხედრო ერთეულის გადასხმას მოკლე ხანში მოახერხებს. მისტრალის მიყიდვის გარდა, საფრანგეთი რუსეთს მისსავე ნავსადგურში რამდენიმე ტიპის ხომალდს აუშენებს.
აღნიშნულმა გარიგებამ მეტად შეაშფოთა საქართველო და ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნები. განსაკუთრებით საგანგაშოა რუსეთის მხრიდან საფრანგეთისთვის წაყენებული ერთი მოთხოვნა: მოსკოვს სურს, საზღვაო ძალები დაპატენტებული მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონტროლო სისტემით შეავსოს.

 

კომენტარები