წინანდალი – თეთრი კლასიკა

„მადლობა იმათ, ვინც შექმნა სიცოცხლის ელექსირი, მადლობა იმათ, ვინც მომცა შესაძლებლობა გამეცნო საუცხოო ღვინით დალოცვილი ქვეყანა. აი თურმე სად ყოფილა ვაზისა და ღვინის საუფლო!.. წინანდალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი და უბრწყინვალესი მარგალიტია!”. ეს სიტყვები 1962 წელს თბილისში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა სახელოვანმა ბარონმა პიერ ლერუამ წარმოთქვა.
საქართველოში მემგონი ყველამ იცის, რომ ეს განსაკუთრებული სახელი, წინანდალი, ჭავჭავაძეებს უკავშირდება. პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე პირველი იყო, ვინც წინანდალი ღვინის სამოთხედ აქცია და ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ ღვინოს. ასევე მისი დამსახურებაა, რომ დღეს თელიანში, მუკუზანსა და ნაფარეულში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები მზადდება. 1835 წელს მან 20-წლიანი ვადით 1 მილიონი რუბლის სესხი აიღო, რათა მხარე აეღორძინებინა. ააგო მიწისქვეშა მარანი, ჩადგა არყის სახდელები, ჩაყარა ახალი ქვევრები, გახსნა კასრების სახელოსნო. ღვინოების მისი პირადი კოლექცია, რომელიც ნაწილობრივ დღემდეა შემორჩენილი, 17 ათასამდე ბოთლს მოიცავს. მათ შორისაა 150-200 წლის ფრანგული ღვინოები, ასევე 1839 წლისა და 1841 წლის წინანდლური საფერავები.
უკვე კლასიკად ქცეულ თეთრ ღვინოს, წინანდალს, მხარეში 1886 წლიდან აწარმოებენ და მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ღვინის სტილიც. პირველ ეტაპზე, როცა საქართველოში ის-ის იყო ფილოქსერა იწყებდა შემოღწევას და ვაზი ჯერ კიდევ თავის ძირზე იდგა, წინანდლის ღვინო სულ სხვანაირი იყო. სტილი პირველად ალბათ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში შეიცვალა, შემდეგ 50-იანებში, როცა ღვინომ ნომრით გამოსვლა დაიწყო, 70-იან წლებში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო შეცვალა ღვინის სტილი და ბოლოს, დადგა 90-იანი წლების მიწურული და კომპანიებმა შექმნეს “წინანდლები”, რომლებსაც ჩვენ დღესაც ვსვამთ. სტილთა ცვალებადობის მიუხედავად, წინანდალში ზოგიერთი რამ უცვლელი რჩებოდა: სინაზე, არომატულობა და ცოცხალი მჟავიანობა.
“წინანდალი” რომ საფლაგმანო ქართული ღვინოა, ამაზე მემგონი ისიც მეტყველებს, რომ მე-20 საუკუნის 50-იანი წლების იმ კანონით, რის საფუძველზეც ღვინოებს სახელები გადაარქვეს და ნომრები ჩამოურიგეს, წინანდალს №1 მიანიჭეს, ანუ თუკი საფერავი №5 იყო, ტიბაანი №12, ტვიში კი №19, “წინანდალი” პირველი იყო. ამ ღვინის წარმოებას მაშინ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ღვინო 3 წლის განმავლობაში ვარგდებოდა მუხაში (დღევანდელი გადასახედიდან 3-წლიანი დაძველება ძალზე დიდ დროდ მოჩანს).
ღვინო “წინანდალი” მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში მოწეული ყურძნიდან უნდა დაიწუროს. დღეს 3-წლიანი დავარგება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ზოგიერთ მარანში ღვინოს საერთოდ არ აკარებენ მუხას, ზოგი 9 თვე აყოვნებს კასრში, სხვები კი 6-ს.

AOC წინანდალი
მიკროზონა მდებარეობს თელავის რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ, მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში. ზონაში შედის სოფლები: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: ლიოსისებური, კარბონატული, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური წარმოშობის თიხნარი და ღორღიანი ნაფენები. “წინანდალი” რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშისგან მზადდება (85%-15%), სწორედ კახური მწვანე ანიჭებს ღვინოს სიხალასეს და ცოცხალ ელფერს. ღვინო გამოირჩევა ვენახის ატმისა და გარგარის ცოცხალი სურნელებით.

კომენტარები