რენესანსი: მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

1984 წელს დაარსებულმა თელავის კამერული მუსიკის ფესტივალმა „ქება ვაზისა” მხოლოდ 9 სეზონს უმასპინძლა და 1992 წელს იძულებული გახდა არსებობა შეეწყვიტა. დაშლის პირას მყოფ ქვეყანაში ომმა და რთულმა პერიოდმა, მშვენიერ ტრადიციად ქცეული ეს მუსიკალური მოვლენა შეიწირა.
18-წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის დაუღალავი შრომის შედეგად ტრადიცია აღდგა და 17 ოქტომბერს, ფესტივალი ახლადგარემონტებულ დრამატული თეატრის შენობაში ბეთჰოვენის მუსიკით გაიხსნა.
სანამ თეატრის ფოიეს კეთილმოწყობა ჩვეულებისამებრ უკანასკნელ წუთებში სრულდებოდა, დარბაზი თბილისელი და თელაველი მსმენელით ნელ-ნელა აივსო. საფესტივალო ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტას წევრებით სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია ორკესტრის საერთაშორისო შემადგენლობა და სოლისტების რაოდენობა.
სასიამოვნო იყო გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების – თამაზ ბათიაშვილის და ნოდარ ჟვანიას ორკესტრის შემადგენლობაში ხილვა. სადირიჟორო პულტთან ესტონელი დირიჟორი – ანდრეს მუსტონენი დადგა.
პირველ განყოფილებაში ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია შესრულდა. დირიჟორისა და სოლისტების ერთობლიობამ სიმფონიის ღირსეული, ემოციურად დამუხტული შესრულება განაპირობა. მიუხედავად ორკესტრის კამერული ჟღერადობისა, რაც ჩასაბერი ინსტრუმენტების სიმცირით იყო გამოწვეული, მუსტონენის შესრულება გემოვნებითა და დახვეწილობით გამოირჩეოდა. შესაძლოა, ჰერბერტ ფონ კარაიანის ცნობილი ინტერპრეტაციების მოყვარულებისთვის უჩვეულო ყოფილიყო ბეთჰოვენის სიმფონიის ასეთი კამერული ორკესტირება, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ორიგინალური პარტიტურა სწორედ ასეთი შემადგენლობისთვის არის დაწერილი და მუსტონენი ძველებური მუსიკით დაინტერესებული მუსიკოსია, შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად სასიამოვნო შესრულება მოვისმინეთ.
ამ ინტერპრეტაციაზე უჩვეულო მეორე განყოფილება გამოდგა. კოდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მოსალოდნელი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ამის მიზეზი ბეთჰოვენის პროგრამაში თავიდანვე უადგილოდ ჩასმული თანამედროვე ნაწარმოები, გია ყანჩელის Ex Contrario (2006) გახდა. ნახევარსაათიანმა ნაწარმოებმა კონცერტი ორი განყოფილებიდან სამამდე გაზარდა. Ex Contrario შეასრულეს არა კონცერტის ბოლოს, როგორც პროგრამით იყო გამოცხადებული, არამედ შუაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ბევრით არ განსხვავდებოდა კომპოზიტორის ადრეული ოპუსებისგან (დამახასიათებელი ილუსტრაციულობა, წყვეტილი ფრაზები, აჩემებული ფორტე-პიანო, სევდანარევი კანტილენები), მსმენელმა მაინც მოთმინებით მოისმინა ნაწარმოები. კომპოზიტორი ნაწარმოების დასრულების შემდეგ სცენაზე ავიდა და შემსრულებლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო განსაკუთრებული მადლობა ხვდათ „მათ, ვინც ჩემი ნაწარმოების განმავლობაში მოურიდებლად ახველებდა”. მართალია, ბეთჰოვენის სიმფონიის პირველი ნაწილი NOKIA-ს ზარების ძალიან გამაღიზიანებელ ფონზე სრულდებოდა, ამ შემთხვევაში კომპოზიტორის განცხადება სრულიად უსაფუძვლო იყო; ნაწარმოების მიმდინარეობისთვის მსმენელს ნამდვილად არ შეუშლია ხელი.
მესამე განყოფილებაში წარმოდგენილმა ბეთჰოვენის სამმაგმა კონცერტმა, ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (დო მაჟორი, თხზ. 56), რომელიც გამოჩენილი სოლისტების – პაველ ვერნიკოვის (ვიოლინო), ნატალია გუტმანისა (ჩელო) და ელისო ვირსალაძის (ფორტეპიანო) მონაწილეობით შესრულდა – მსმენელს უმალ დაავიწყა მეორე განყოფილება თავისი უადგილო ინციდენტით. მუსტონენის ორკესტრი უფრო ცოცხლად და ენერგიულად ჟღერდა, ნატალია გუტმანის ოდნავ დაღლილმა, თუმცა მაინც ვირტუოზულმა ინტერპრეტაციამ (რამდენიმე ყალბი ნოტის მიუხედავად), ელისო ვირსალაძის სიმტკიცით სავსე ჟღერადობამ მსმენელი პროცესში სრული ყურადღებით ჩართო. საღამოს ვარსკვლავი მევიოლინე პაველ ვერნიკოვი იყო, რომელსაც არც ერთ ფრაზაში არ ღალატობდა სიზუსტე, ემოციის ღრმა გააზრება. ვერნიკოვი ასრულებდა გასაოცარი თავისუფლებით და არტისტულობით. ქართულისგან განსხვავებით, მუსიკალურ შესრულებასა და თამაშს ზოგიერთი ენა არ ასხვავებს. თელავის ეს კონცერტი სწორედ ასეთი თამაში გახლდათ, თამაში ძალიან მაღალი გაგებით, თამაში, რომელიც ტრიუმფით სრულდება.
 

კომენტარები