ფოკუსის სპეცვერსიები ლე მანის ფორდისეული ტრიუმფატორების სახელზე

იმ ავტომობილებს, რომლებმაც ფორდს ლე მანის 24-საათიან რბოლებში გაუთქვეს სახელი, ამერიკულმა კომპანიამ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ფოკუსის სპორტულ მოდელ RS-ის ხუთი სპეციალური ვერსია მიუძღვნა, რომლებიც ლეგენდარული რბოლის ტრიუმფატორების ფერებშივე გამოაწყო.
დირბორნული კომპანია მალე შეწყვეტს მოდელ ფოკუს RS-ის წარმოებას და ლე მანის სერიის სპეცვერსიების (ფორდ ფოკუს RS ლე მანს ედიშნ) შექმნაც სწორედ ამას დაუკავშირა. ფორდის ლეგენდარულმა ავტომობილმა GT 40-მა და მისმა მოდიფიკაციებმა, ასევე ფორდ კაპრიმ 1960-70-იან წლებში ლე მანის რბოლებზე ხუთი გამარჯვება მოიპოვეს.
„ცისფერ ოვალს” პირველი დიდი გამარჯვება GT40-ის მეორე მოდიფიკაციამ 1966 წელს მოაპოვებინა. მის საპატივცემულოდ, სპეციალური ფოკუსი თეთრი ზოლებით გაწყობილ შავად გაფორმდა. შემდეგ სეზონში ლე მანი GT40-ის მეოთხე მოდიფიკაციამ მოიგო, რომლის ფერიც წითელი იყო და მას თეთრი ზოლები ჰქონდა. იმავე სეზონში, წარმატებული გამოდგა მეორე მოდიფიკაციის B ვერსია, რომელიც ლურჯ და თეთრ ფერებში იყო გამოწყობილი. ცისფერისა და ფორთოხლისფერის შეხამებით გაფორმდა ის ფოკუსი, რომელიც ლე მანის 1968 და 1969 წლების გამარჯვებულ GT40-ს მიეძღვნა. დაბოლოს, ფორდ კაპრი RS 2600 ის მანქანაა, რომელმაც 1972 ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ მანქანის შესაბამისი ფოკუს RS-ი თეთრადაა შეღებილი და მას ლურჯ-წითელი ზოლების კომბინაცია ამშვენებს.
ხუთივე ავტომობილს ინდივიდუალური ინტერიერი აქვს. მათში რეკაროს წარმოების სპორტული სავარძლები მოთავსდა. სალონები ტყავითაა გაწყობილი. მათს გასაფორმებლად კი ის ფერებია გამოყენებული, რომლებითაც ძარაა შეღებილი.
ხუთივე ავტომობილმა სარბოლ ფესტივალ ლე მანს კლასიკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივლისში ჩატარდა. მათ სამართავად, ფორდმა სპეციალურად მიიწვია საპატიო სტუმრები. „ცისფერი ოვალი” ხუთივე ავტომობილის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.

 

 

კომენტარები