პარიზული ფინალი

გაზაფხული-ზაფხული მოდის კვირეულების ციკლი პარიზის მოდის კვირეულით დასრულდა. მოდა თითქოს გარდამავალ პერიოდშია – არც ძლიერი ტენდენციები და არც რადიკალური შემოქმედებითი იდეები ჩანს.
სეზონიდან სეზონამდე დრო ძალიან მცირეა. ექვსი თვის მანძილზე გამუდმებით უნდა იფიქრო, თუ როგორ დაიცვა ბალანსი შემოქმედებასა და კომერციას შორის. ეს კი რთული ამბავია. ალბერ ელბაზი ამ ამოცანას კიდევ ერთხელ მშვენივრად გაუმკლავდა, მან თავისი მძაფრად გამოხატული ხელწერით ლანვანის სახლისათვის გაზაფხულის ჰაეროვანი, ნეოკლასიკური კოლექცია შექმნა. მისი პოეტური, ინტუიციური ესთეტიკა ყოველთვის თანამედროვე ურბანულ სივრცეს უკავშირდება. უპირობო წარმატებამ ელბაზის ნამუშევრებს სითამამე და ხაზგასმული ინდივიდუალიზმი შემატა. ამჯერად სკულპტურული დრაპირება ჰაეროვანი აბრეშუმის პლისეთი და ნაკეცებით შეცვალა. ეს, ერთი შეხედვით, „ბელ” ეპოქის ვენეციელი მხატვრის, მარიანო ფორტუნოს ანტიკურ კაბებს მოგვაგონებს. ალბერ ელბაზი არასდროს ციტირებს წარსულს, ის ბუნდოვანი კომპოზიციებით იპყრობს თანამედროვე ქალების გონებას.
ჰუსეინ ჩალაიანი თანამედროვე მხატვართა იმ რიგს განეკუთვნება, რომლებიც მუდამ ცვლიან დადგენილ საზღვრებს და თავიანთი იდეების პრეზენტაციით ახალ ტერიტორიებს ითვისებენ. მოდის კვირეულზე ჩალაიანმა 14-წუთიანი ვიდეოფილმი აჩვენა. ეს იყო აბსტრაგირებული ფორმა-კონცეფცია, უაღრესად ღრმა, მაგრამ ამავე დროს მინიმალისტური შინაარსით გაჯერებული. იაპონიის შეგნებული იზოლაცია მეცხრამეტე საუკუნეში, მისი კვლევის მთავარი თემა იყო. მან განაზოგადა იაპონური დაცული ინდივიდუალისტური ესთეტიკა საკოკუ და საკუთარი ნამუშევრების ლაკონური რეპრეზენტაცია მოახდინა. პარალელები ძალიან ღრმა იყო – იაპონური სტილიზებული თეატრის კაბუკის უხილავი დამხმარე მსახიობები თანამედროვე კაბას აფრიალებდნენ. ეს უკანასკნელი ჩალაიანის ძველი კოლექციების რეპლიკა იყო. დეკონსტრუირებული ელემენტები ახალ სრულყოფილ ფორმებს ქმნიდნენ. ჩალაიანი არაა ერთადერთი დიზაინერი, ვინც კოლექცია ფილმის სახით წარადგინა, მაგრამ, უდავოდ პირველია, რომელმაც კომუნიკაციის ამ ფორმით უბრალოდ ლამაზ ტანსაცმელს დახვეწილი ღრმა შინაარსი შესძინა.
სხვა კოლექციები, სოციალური კლასის და გემოვნების შესახებ ჩვეულ დისკურსს წარმოადგენდა. ზოგი მეტად კომერციული, ზოგიც პირიქით, მაგრამ რაღაც კრიზისის მსგავსი თითქოს მაინც შეიმჩნეოდა.
სტეფანო პილატიმ სტერილურად კომერციული კოლექცია შექმნა ივ სენ ლორანის სახლისათვის. მარჯიელა წელს ზედმეტად კონცეპტუალურ კვადრატებში თითქოს დაიბნა და დეკორაციის მსგავსი ბუტაფორიული ტანისამოსი აჩვენა. სარა ბარტონმა პირველი დამოუკიდებელი კოლექცია გააკეთა მაქქუინის გარდაცვალების შემდეგ. მართალია, ის შეეცადა ზომიერების დაცვის გრძნობით მაქქუინისათვის დამახასიათებელი ბრუტალური ესთეტიკა პოეტურობასთან, რომანტიზმთან დაეკავშირებინა და შეექმნა ბრენდისათვის მისაღები კოლექცია, მაგრამ შედეგი უსიცოცხლო თეატრალურ კოსტიუმებს ჰგავდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ნიჭიერი მხატვრის უბრალოდ მიბაძვა.

 

კომენტარები