ოვალი

6 რკინის რიგი, 0105
უბანი: ორთაჭალა
ტელ: 43 89 50 / 43 89 51
სამზარეულო: ევროპული, ამერიკული
საათები: ყოველდღე, 12-დან
ბოლო სტუმრის გასვლამდე
ბარათები: მიიღება
ფასი: 190 ლ (სადილი ორ ადამიანზე,
ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: მეიდანზე ან ლესელიძის ქუჩაზე
www.info-tbilisi.com/oval


ოვალის სივრცე ორად არის გაყოფილი – მწეველთა და არამწეველთა დარბაზებად – არსებული, თუმცა უქმი კანონის დაცვით, რომლის მიხედვითაც რესტორანი ვალდებულია გარკვეული მაგიდების რაოდენობა არამწეველთათვის გამოყოს. არაპოპულარული კანონის დაცვა თავისთავად მისასალმებელია, თუმცა აქ სხვა ამბავიც არის – ყველაფერთან ერთად ოვალი სპორტული პროფილის რესტორანიცაა.
ოვალი – ანუ რაგბის ბურთის ფორმა. რესტორნის ოფიციალური სახელიც აქედან მოდის – „შპს რაგბის სამყარო”. რესტორნის ინტერიერში რაგბის თემა უხვად არის გაბნეული და სხვადასხვა ფორმით გადმოცემული: უძრავი გამოსახულებით (მორაგბეთა ილუსტრაციები), მოძრავი გამოსახულებით – თითოეული მწეველთა მაგიდა საკუთარი პლაზმა ეკრანითაა აღჭურვილი, სადაც რაგბის მატჩების დინამიური კადრები ტრიალებს – და სამგანზომილებიანი გამოსახულებითაც – რესტორნის შესასვლელს მორაგბეს ბრინჯაოს ქანდაკება ამშვენებს.
დაბალ მაგიდასთან მისაჯდომად ერთი შეხედვით კომფორტულ, სპილოსძვლისფერ დივანში ეშვები, თუმცა მაგიდისგან უხერხული დისტანცია გაშორებს. მაგიდაზე Villeroy&Boch-ის ფაიფურისა და დანა-ჩანგლის ერთ-ერთი წარუმატებელი კოლექციაა გაშლილი, ირგვლივ ფსევდობურჟუაზიული, არტ-ნუვო დეკორი ბრწყინავს, გაუბედავი ფერის კედლებზე ზემოხსენებული ილუსტრაციები ლაპლაპებს, გრანიტის ბარზე ცისფერი ეკრანებიდან წამოსული ჭრელ-ჭრელი ჩრდილები ირეკლება. ერთ მაგიდას ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ორი ელჩი უზის – ყოფილი და მოქმედი. მეორე მაგიდასთან ორ მინისტრს შენიშნავთ, ჯერჯერობით ორივე მოქმედია, მესამე მაგიდა ჩვენ ვართ და სულ ეს არის. სიმშვიდე, სიწყნარე, სისუფთავე.
მენიუ ცხელი და ცივი მადისაღმძვრელების ჩამოთვლით იწყება, რასაც სალათები, წვნიანები და გარნირები მოსდევს. მათ შორის გამოარჩევთ საფირმო კერძებს, Oval – ტოსტი, Oval – სახლის სალათი და ა. შ. აპეტაიზერები საკმარისად გავსინჯეთ და უნდა ითქვას, რომ მათგან არც ერთია აღნიშვნის ღირსი; ყველა სახელდახელოდ შეთითხნილი, პრეტენზიულად მოწოდებული და უგემური, ამასთან, გაუმართლებლად ძვირი.
ერთი სიტყვით, თუ რჩევას ეძებთ, ოვალის გზამკვლევი ასეთია: შეუკვეთეთ მხოლოდ ხორცი, თუ აუცილებელია, ნეიტრალური გარნირით (ხორცის კერძები გარნირს არ შეიცავს) და არავითარ შემთხვევაში თექვსმეტლარიანი კარტოფილის პიურე როკფორით, ან თხუთმეტლარიანი მოთუშული ისპანახი კრემ სოუსით.
ოვალი იმით არის ცნობილი, რომ აქ იყენებენ ცნობილი შოტლანდიური ჯიშის, ანგუსის საქონლის ხორცს. ხორცის კერძების ფასები ჩვენი გაგებით ასტრონომიულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხორცი ნამდვილად მაღალი ხარისხის იმპორტული ხორცია და სტეიკი ნამდვილი სტეიკია და არა დილის ბაზარზე ნაყიდი საქონლის ხორცი (ყველა სტეიკი ითვალისწინებს დაძველებას, რის შედეგადაც ხორცი რბილდება), ნამდვილად ღირს. მაგალითად, ნიუ იორკ სტეიკი 400 გრ-იანი ულუფაა, 65 ლარი ღირს და ძალიან გემრიელია, ყოველ შემთხვევაში თბილისში ასეთ სტეიკს ვერსად ნახავთ. შედარებით ძვირია კოლორადოს ცხვრის ნეკნები (80ლ), მაგრამ აქაც იგივე – ვინც ევროპული ცხვრის გემო იცის, დამეთანხმება, გემოთი სრულიად განსხვავებულია და შესაძლოა ხარჯის გაღება ღირდეს. ოვალში შეწვის ხარისხს მეტ-ნაკლებად იცავენ, ზედმეტი წვისკენ მიდრეკილებით. საშუალოდ შემწვარი უფრო კარგად შემწვარისკენ არის და სისხლიანს უფრო საშუალოსკენ მიაქვს, თუმცა ეს გრადაციაც სრულიად მისაღებია. თუ გრილს უფრო ხშირად გაწმენდენ, რომ ხორცზე ნაკლები ტოქსიკური ნამწვავი აღმოჩნდეს, მით უკეთესი. ჩილეური სიბასი (55ლ) ზედმეტად წყლიანი გამოდგა – რაც გალღობა-შენახვის წესის დარღვევის შედეგი უნდა იყოს, ამის გამო თევზის ფაქტურაც დარღვეული იყო. ამიტომ ისევ გავიმეორებ, რომ თუ აქ რამე გამოირჩევა,ეს ისევ ხორცია, მას კარგი ფასიც აქვს, მაგრამ გემოც არ ჩამოუვარდება. ოვალის სერვისი თავაზიანი და ყურადღებიანია, ოღონდ ზოგჯერ ზედმეტადაც – ღვინის ჭიქის წამდაუწუმ შევსება უფრო შემაწუხებელია, ვიდრე კარგი მასპინძლობა. ღვინის გახსენებაზე: ბარათში ევროპული ღვინოებიც აქვთ, თუმცა ქართულის ფართო არჩევანია.

კომენტარები